მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დამახასიათებელია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის – გოგიტა თოდრაძე

0
131

„მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დამახასიათებელია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის და ამ მიმართულებით ურთიერთკავშირი ნამდვილად არის. როდესაც მოთხოვნა მზარდია, ამას ბაზარი მაღალი ფასებით პასუხობს და გარკვეული ურთიერთკავშირი იქმნება, თუმცა ეს სხვა ბევრ ფაქტორთანაც არის დაკავშირებული“, — ასე უპასუხა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად, ორნიშნა ინფლაციის და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის თანხვედრაზე დასმულ შეკითხვას.

„ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეფუძნება რამდენიმე ათეულობით ათასი დღგ-ს გადამხდელი საწარმოების მონაცემებს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ყოველკვარტალურად ვაკვირდებით ეკონომიკის ყველა ინსტიტუციურ სექტორს, კომპანიებს, არასამთავრობოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებს, შინამეურნეობების კვლევებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ დამატებით ღირებულებას და ვადარებთ საანგარიშებო, კონკრეტულ საბაზისო პერიოდს. ამ შემთხვევაში ვაკვირდებით კიდევ რამდენიმე პარამეტრს, რომელიც გაზრდილია, მათ შორის საგარეო ვაჭრობა, ტურიზმიდან შემოსავლები, ფულადი გზავნილები და სხვა, ესენია მასტიმულირებელი ეკონომიკური ზრდის.

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემი  იყო 12.8%, თუმცა ამის ფორმირებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა სურსათმა და უალკოჰოლო სასმელებმა, რაც ყველაზე მეტად მოქმედებს რიგით მომხმარებელზე. ასევე ტრანსპორტის ნაწილი და კომუნალური სერვისები იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი.

ინფლაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითვლით და ეს საბოლოოდ მიღებული მაჩვენებელი წარმოადგენს დაახლოებით 1700 ობიექტზე შეგროვებული 15 500 ფასის საშუალო არითმეტიკულს, რაც ეჭვგარეშეს ხდის ამ მონაცემის რეპრეზენტატულობას“, — ამბობს გოგიტა თოდრაძე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა. პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 11.2% იყო. რაც შეეხება ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს.

commersant.ge