გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

0
129

13 ივლისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და  „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას,  შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა“ მხარს დაუჭერს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. პრიორიტეტია ასევე მოზარდი გოგოების გაძლიერება ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზით.

„მიგვაჩნია, რომ ყველა იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი თავისი საქმიანობით ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების წრის გაფართოება და ერთობლივი ძალებით მუშაობა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მოხარული ვართ, რომ „თეგეტასთან“ პარტნიორობით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და დღეიდან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

„გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნაა. წლებია, რაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ – განსაკუთრებით გვეამაყება, რომ გასული წლიდან ჩვენს სერვისცენტრებში პირველი მექანიკოსი ქალები მუშაობენ და ამაში, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ“, – ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლის ივლისიდან განხორციელდება.