„სოკარის“ საწარმოს გადაიარაღება მიზეზია, რომლითაც გაბერილი ფასების გამართლებას ცდილობენ“

0
341

„დიზელის საწვავის ფასი 5 ლარიან ნიშნულს, რომ უახლოვდება მაგ ამბიდან კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას, ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დიზელის საწვავის ფასი 5 ლარიან ნიშნულს, რომ უახლოვდება მაგ ამბიდან კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით.

👉 ე.ი. თავად იმპორტიორები დიზელის საწვავის 5 ლარამდე გაძვირებას, აზერბაიჯანიდან იმპორტის შეწყვეტით ხსნიან. ნუ მეორე საკითხია, რამდენად შეწყდა ამ საწვავის იმპორტი, თუმცა ახლა ამაზე დროს არ დაგაკარგვინებთ.

👉 ოფიციალურად აზერბაიჯანული მხარე დიზელის იმპორტის შეწყვეტას, ცენტრალური ქარხნის გადაიარაღების პროცესით ასაბუთებს. რათა, ქარხანამ euro 5-ის სტანდარტის დიზელის წარმოება შეძლოს.

👉 საქმე ისა, რომ ამ სტანდარტის ამოქმედება საქართველოში ჯერ კიდევ 2019 წელს იგეგმებოდა და იმხანად ამ ვადის ერთი წლით გადაწევა, აზერბაიჯანული ენერგოგიგანტის აქტიური დაჟინებით მოხდა. როგორც კომპანია „სოკარი“ იმხანად აცხადებდა, ვადის ერთი წლით გადაწევის შემთხვევაში, ცენტრალური ქარხანა გადაიარაღებას შეძლებდა, „სოკარი“ საქართველოში euro 5-ის დიზელის იმპორტს შეუფერხებლად განახორციელებდა და საქართველოსაც დიზელის დეფიციტი არ დაემუქრებოდა.

👉 თუმცა, არამც თუ გადაიარაღება დაასრულა “სოკარმა”,  არამედ 2021 წლის მიწურულსაც კი „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში“ არ ჰქონდათ ინფორმაცია, იმის თაობაზე მოახერხა თუ არა ცენტრალურმა საწარმომ გადაიარაღება. ამის შესახებ, თავად „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მაშინდელი დირექტორი, აცხადებდა.

👉 მაგრამ ესეც არაფერი, ჯერ კიდევ 2005 წელს მომზადდა საკანონდებლო ინიციატივა, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“. კომპანია „სოკარი“ კი საქართველოში ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს შემოვიდა.

👉 შესაბამისად, კომპანიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაზარი, სადაც მკვიდრდებოდა, ემზადებოდა ხარისხობრივი სტანდარტების შემოღებისთვის. კომპანიას საკმარისი და საკმარისზე მეტი დროც ჰქონდა საიმისოდ, რომ საკუთარი პროდუქტი მოსალოდნელი გამკაცრებული ხარისხის მოთხოვნებისთვის მოერგო.

საბოლოოდ არ ვიცით მოახერხებს თუ არა კომპანია „სოკარი“ 2023 წლისთვის euro 5-ის დიზელის წარმოებას (სწორედ ამ დრომდეა გადავადებული euro 5-ის სტანდარტის შემოღება საქართველოში), თუმცა ამ არგუმენტით საკმაოდ კარგად „პრავდება“ აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოში დიზელის 3-ჯერ უფრო ძვირად რეალიზაციის ფაქტი კომპანია “სოკარის” მხრიდან“, – წერს ბაირახტარი.