მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს

0
90

Covid-19-ის პანდემიის, შეიარაღებული კონფლიქტების და კლიმატის ცვლილების გამო, დაახლოებით 811 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში შიმშილობს, ნათქვამია Welthungerhilfe-ის ყოველწლიურ მოხსენებაში.

როგორც მოხსენებიდან ირკვევა, ზემოხსენებულმა ფაქტებმა საარსებო საშუალება ბევრ ოჯახს წაართვა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა გლობალურმა ინფლაციამ 2022 წელს და უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტმა, რამაც გამოიწვია ხორბალსა და სხვა მრავალ პროდუქტზე ფასის ზრდა.

„ავღანეთიდან ზიმბაბვემდე ხალხს უჭირს პურის, მარცვლეულისა თუ ხილის ფასების 60%-მდე ზრდის პარალელურად“, – თქვა მარლენ ტიმემ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

განსაკუთრებით დრამატული სიტუაციაა იემენში, ავღანეთსა და სამხრეთ სუდანში, ასევე მადაგასკარსა და აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც კლიმატის კრიზისის შედეგები იწვევს ძლიერ გვალვებს, რომლებიც ანადგურებს ნათესებს.

ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ განსაკუთრებული შიმშილის პრობლემაზე და მოწოდებას აკეთებენ „საბოლოოდ გაძლიერდეს ძალისხმევა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, რაც იწვევს სულ უფრო სერიოზულ ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციებს“.

გიორგი არაბული