გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

0
299

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. ის აღნიშნავს, რომ პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ისტორიის დამახინჯებას წარმოადგენს. კვირიკაშვილისთვის ასევე გაუგებარია, რის გამო დასჭირდა ღარიბაშვილს დღეს ამგვარი შინაარსის განცხადების გაკეთება.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ძირითადად, ასეთ ვითარებაში, დუმილს ინარჩუნებს, ყოფილი თანაგუნდელის პრემიერ ღარიბაშვილის წერილს ტელეკომპანია „პირველთან“ გამოეხმაურა.

კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციას, რომელიც „ქართუ ბანკიდან“ გიორგი კვირიკაშვილის წასვლას შეეხება, “ისტორიის დამახინჯებას და ინტერპრეტაციას” უწოდებს.

„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი ,,ქართუდან” წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ირწმუნება იმასაც, რომ მაშინ, როცა მუქარითა და ზეწოლით „ქართუს“ სტრუქტურების დაშლას ცდილობდნენ, „იყვნენ ისეთები, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“, – წერს ღარიბაშვილი.