უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს არ გადაიქცეს მხარედ სასამართლო დავაში

0
134

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, სახალხო დამცველს მიმართავს თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებებისა და შეფასებებისგან, რაც პირდაპირ შეიძლება იქნეს აღქმული სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად და ემსახურება მოპასუხე  მხარის, ანტიკორუფციული მოძრაობის და მისი წარმომადგენლების ინტერესებს.

„მხოლოდ სამწუხარო შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ე.წ. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებას, რომელიც სახალხო დამცველმა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბატონ უჩა მამაცაშვილსა და ორგანიზაცია ანტიკორუფციულ მოძრაობას შორის მიმდინარე დავაზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დასკვნა არის მიკერძოებული და არასაგნობრივი. სახალხო დამცველი აშკარად გაცდა საკუთარ მანადატს, როდესაც უხეშად ჩაერია სამოქალაქო დავის საქმეში, რაც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად.

სახალხო დამცველი პირდაპირ მოუწოდებს სასამართლოს, რომ არ დააკმაყოფილოს ბატონი უჩა მამაცაშვილის, თუნდაც სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნა, ვინაიდან მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ნებისმიერი ბრალდება და ცილისწამება გააჟღერონ ნებისმიერი პირის მიმართ, თუმცა აქვე ავიწყდება, რომ არსებობს ადამიანის უფლებები, მათ შორის პატივის და ღირსების უფლება, რომელიც თითოეული მოქალაქის შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებაა.

ჩვენ რა  თქმა უნდა პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, ასევე არასამთავრობო სექტორს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქციები გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ პატივის და ღირსების უფლების შელახვა, არც ერთი სხვა უფლების რეალიზების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ეს დადასტურებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით და პრეცედენტული სამართლით.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს დარჩეს საკუთარი მანდატის ფარგლებში, თავი შეიკავოს კერძო სუბიექტებს შორის დავაში უხეში ჩარევისაგან, მით უფრო რომელიმე მხარის სასარგებლოდ და ასევე დაინტერესების შემთხვევაში ვთავაზობთ საგნობრივ შეხვედრას, მისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში. ჩვენ მზად ვართ სახალხო დამცველს წარვუდგინოთ უტყუარი ფაქტები უჩა მამაცაშვილის მიმართ გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა ობიექტური შეფასების შემთხვევაშიც, იმედი მაქვს სახალხო დამცველი მსგავს დასკვნას ხელს არ მოაწერდა.“-აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის მოითხოვს ორგანიზაცია ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანი ანაზღაურებას.