„შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი“ – არღვევს თუ არა „მაგთი“ მომხმარებლების უფლებებს

0
453

3 აგვისტოდან „მაგთი“ ტარიფებს ცვლის, თუმცა მომხმარებელს იმის უფლებას, რომ გაძვირებული ტარიფი შედარებით იაფზე გადაცვალოს, არ აძლევს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან.

მარეგულირებელ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ელენე მიროტაძის თქმით, მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს კომპანიის მიერ შეთავაზებული მისთვის ნებისმიერი მომსახურება.

ნებისმიერ დარღვევას ამ კუთხით, შეისწავლის შესაბამისი სამსახური. „ეს კონკრეტული შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი. ჩვენი მოკვლევის შემდეგ დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები, მოხდება რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციების ფარგლებში და მიმართვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, “კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს 1 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები და დგება ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ელენე მიროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში კომპანია „მაგთიმ“ 3 აგვისტოდან ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა როგორც გაირკვა, გაძვირებული პაკეტის შეცვლის მსურველს, „მაგთი“ მხოლოდ უფრო ძვირიან პაკეტს სთავაზობს, უფრო იაფით შეცვლაზე კი ის უარს აცხადებს.

წყარო: BPN.GE