BAG ინდექსი: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა გამოკითხული კომპანიების 74%-სთვის უარყოფითი აღმოჩნდა

0
135

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანმა ომმა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან მიმდინარეობს, უარყოფითი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე, მათ შორის, ქართულ ბიზნესზეც.

ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, კომპანიების 74%-ის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ან/და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციება მათ ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა. მათ შორის 12%-ის აზრით, გავლენა იყო ძალიან უარყოფითი.

მოცემულ კვლევაში გამოიკვეთა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ბიზნესზე. გამოკითხვაში ყველაზე ხშირად დასახელდა მსოფლიო ბაზარზე წარმოშობილი ლოჯისტიკური პრობლემები (72%), რომელიც ვაჭრობის, მომსახურების და მშენებლობის სექტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შუალედურ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები დაასახელა კომპანიების 56%-მა, რომელთა შორის უმრავლესობა მშენებლობის სექტორიდანაა, ხოლო შეჩერებული იმპორტ-ექსპორტი უკრაინასთან ყველაზე მწვავე მრეწველობის სექტორისთვის აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ კომპანიების უმრავლესობა, რომლებმაც ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები დააფიქსირა, ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად, ფულადი ანგარიშსწორების პრობლემას მიიჩნევს (68%), რასაც მოსდევს გართულებული ლოჯისტიკა, მათ შორის ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები და რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. ხოლო რეპუტაციული პრობლემები და სავაჭრო პარტნიორების სანქცირებულთა სიაში მოხვედრა 26% და 19%-ის მიერ დასახელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი ანგარიშსწორების და ლოჯისტიკური, მათ შორის ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები მშენებლობის სექტორში გამოკითხულმა ყველა კომპანიამ დააფიქსირა (100%). გართულებული ლოჯისტიკა ხელის შემშლელ ფაქტორად ასევე,  ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში გამოკითხული კომპანიების 50%-მა დაასახელა. რეპუტაციული პრობლემები ყველაზე ხშირად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო სანქცირებულთა სიაში სავაჭრო პარტნიორების მოხვედრა  – მომსახურების სექტორში.

მიმდინარე კვლევის საშუალებით მოხდა ასევე, მოკლევადიან პერიოდში ომით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება. გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი (46%) ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოკლევადიან პერიოდში მათი პროდუქციის/მომსახურების ფასებზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა 39% კი ფასების ზრდას ვარაუდობს, რომელთა უმრავლესობისთვის (73%) ფასების ზრდა 1-20%-ს შორის მერყეობს.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას, გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ ომს დასაქმებულთა რაოდენობაზე გავლენა არ ექნება. მოკლევადიან პერიოდში შემოსავლების შემცირებას ვარაუდობს გამოკითხული კომპანიების 27%.

აღსანიშნავია, რომ პოზიტიური შეფასებებია ასევე, ინვესტიციების მიმართულებით, კერძოდ, კომპანიების 70%-ს მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს კომპანიაში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე გავლენა არ ექნება. 17% კი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ინვესტიციები შემცირდება.

კვლევის თანახმად, გამოკითხულ კომპანიათა შორის, რომლებზეც ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, 34% მიიჩნევს, რომ ომამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაღწევად 1-2 წელი დასჭირდებათ, 27%-ის აზრით აღდგენისთვის 1 წელზე ნაკლებია საჭირო, გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ომამდელ მდგომარეობამდე მისაღწევად 3-5 წელი დასჭირდებათ. ასევე, ხაზგასასმელია, რომ გამოკითხულ კომპანიათა ნაწილისთვის (33%) მდგომარეობა ახლაც სტაბილურია.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.