„ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – პირველად ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება მოხდა“

0
194

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ მეციში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მასალების, მეტალურგიისა და პროცესების ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (The Technological Research Institute for Materials, Metallurgy and Processes (IRT M2P)) შორის „ერთობლივი კვლევისა და ლიცენზირების ხელშეკრულებას“ ხელი მოეწერა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, IRT M2P ფრანგულ კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, ენერგეტიკის, თავდაცვის, მასალების წარმოებისა და სხვა სფეროებში მუშაობს. ინსტიტუტი საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების მიერ ერთობლივად ფინანსდება.

IRT M2P საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების დაფინანსების საშუალებით სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ქართული ტექნოლოგიის ტექნოლოგიური მზაობა განავითარონ და აამაღლონ, რისი დაფინანსებაც სრულიად ფრანგული მხარისგან მოხდება. 4 ფრანგული კომპანია ამ პროცესის დაფინანსებით უკვე დაინტერესებულია, ხოლო 50% დაფინანსდება საფრანგეთის მთავრობის მიერ. აგრეთვე, IRT M2P ზემოხსენებული ქართული ტექნოლოგიის დანერგვასა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიებისთვის ლიცენზიით გადაცემას უზრუნველყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება მოხდა, რაც ქართული სამეცნიერო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა – პირველად ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება მოხდა. ეს ჩვენი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ქართული ტექნოლოგიის მიღწევები მეტად განავითარონ და აამაღლონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ტექნოლოგიის ერთობლივად განვითარების შემდგომ, ფრანგული და ქართული კვლევითი ინსტიტუტები ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები ერთობლივად იქნებიან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.