„წარმოშობით ქართველი უკრაინელი მაღალჩინოსანი გულმოდგინედ აღვიებს ცეცხლს და ქართული მედია მასზე ნავთს ასხამს“

0
319

„წარმოშობით ქართველი უკრაინელი მაღალჩინოსანი გულმოდგინედ აღვიებს ცეცხლს და ქართული მედია მასზე ნავთს ასხამს“, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი, გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„წარმოშობით ქართველი უკრაინელი მაღალჩინოსანი გულმოდგინედ აღვიებს ცეცხლს და ქართული მედია მასზე ნავთს ასხამს.

რა ხდება რეალურად?

ყველაფერი, რასაც ამ პოსტში წაიკითხავთ არის ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. ბუნებრივია, მასალები გაცილებით ბევრია და მათ შესახებ კარგადაა ცნობილი უკრაინული მხარისათვის. მაგრამ მიზეზთა გამო ბატონი ბრაუნი მხოლოდ თავის ისტორიულ სამშობლოს ესხმის თავს.

მაშ ასე. დავიწყოთ.

  1. რუსულ ნავთობპროდუქტებზე დაწესებულია ნაწილობრივი ემბარგო. გამონაკლისები კი წესად იქცევა ხოლმე. უცხოური მედიის შეფასებით, ნაწილობრივი ემბარგო თავისი შინაარსით ემბარგოზე უარის თქმაა
  2. რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვა არ ეხება სახმელეთო მილსადენებს, რომლებითაც მარაგდება ევროპა. მაგალითად, სანქციები არ შეხებია ნავთობსადენ „დრუჟბას“
  3. რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვის წინააღმდეგია უნგრეთი. ამბობენ, ევროკავშირი ძალიანაც მადლიერია უნგრეთის შეუვალი პოზიციის გამო. ერთის მხრივ, მიღებულ ნახევარზომებს ევროკავშირი ბუდაპეშტთან კომპრომისით ამართლებს, რითაც სახეს ინარჩუნებს და, მეორეს მხრივ, ამ რბილი პოზიციით ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობპროდუქტებით მომარაგების ხვრელებს ღიად ტოვებს
  4. მიღწეული კომპრომისის ნაწილია საზღვაო გადაზიდვაზე დააწსებული ემბარგო. თუმცა ამბობენ, რომ საზღვაო გადაზიდვისთვის დაწესებული ემბარგოს თავის არიდება მარტივადაა შესაძლებელი, რომ თურქული (ასევე ბერძნული) ტანკერები, შუამავალი კომპანიების მეშვეობით ყიდულობენ რუსულ ნავთობპროდუქტებს. დოკუმენტების მიხედვით, ტანკერიც და ნავთობიც თურქულია და ამ გზით ხვდება ევროპულ ბაზარზე
  5. არსებობს უფრო დახვეწილი სქემა – „ლატვიური ნაზავი“, რომელშიც რუსული ნავთობპროდუქტების წილი არის 49%, ხოლო დანარჩენი 51% ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. ასეთი ნაზავი უპრობლემოდ აღწევს ევროპულ ბაზარზე

არ იფიქროთ, რომ ეს ახალი სქემაა და რაიმე სკანდალური აღმოვაჩინე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 თებერვალს ცნობილმა კომპანიამ Shell  განაცხადა რუსეთში არსებული ყველა პროექტის დატოვების შესახებ.

მიუხედავად ამისა, Bloomberg-ის ცნობით, Shell-მა გააგრძელა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა. 4 მარტს Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ Shell-მა რუსული Urals მარკის ნავთობი შეიძინა რეკორდული ფასდაკლებით 28.5$/ბარელზე.

Shell -მა ტვირთი მიწოდების პირობით იყიდა კომპანია Trafigura-სგან (ნედლეულის (მათ შორის ნავთობპროდუქტების) ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავია მსოფლიოს მასშტაბით). ანუ Shell-ი ცდილობდა რუსული ნავთობის პირდაპირ შემსყიდველად არ გამოჩენილიყო.

5 მარტს ტვიტერის თავის გვერდზე Shell -მა ბოდიში მოიხადა რუსული ნავთობის შეძენის გამო, სცადა შექმნილი სირთულეებით აეხსნა თავისი ნაბიჯი და  პირობა დადო, რომ ამ ოპერაციით მიღებულ სარგებელს სპეციალურ ფონდში ჩარიცხავს.

ფიქრობთ, დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების გამონაკლისი შემთხვევა იყო?

2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Shell-მა შეცვალა რუსული ნავთობის შესყიდვის სქემა – კერძოდ მან დაიწყო ნავთობის ნაზავის შეძენა იმ პირობით, რომ 50%-ზე მეტი არარუსული წარმოშობის იყო. ასეთი პროპორცია ნავთობის რუსული წარმოშობის პრობლემას ხსნის. ასეთმა ნაზავმა მიიღო სახელი „ლატვიური ნაზავი“, რადგან რუსული და სხვა ქვეყნებში შეძენილი ნავთობის შერევა ხდება ლატვიური ქალაქის ვენტსპილს (Ventspils) პორტში.

ცნობისათვის, დაწესებული სანქციებისაგან თავის არიდების ეს სქემა არ არის ახლი. მანამდე იგი აქტიურად გამოიყენებოდა სანქცირებული ირანული და ვენესუელის ნავთობის შესაძენად, მაგრამ მაშინ მას მალაიზიური ან სინგაპურული ნაზავი ერქვა.

ლატვიურ ნაზავთან ერთად ბაზარზე ასევე გამოჩნდა თურქმენული ნაზავი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, ოლეკსიი უსტენკომ Shell-ის მმართველს წერილი გაუგზავნა და დაადანაშაულა უკრაინის წინააღმდეგ  ბუღალტრული მაქინაციებით რუსეთის დაფინანსებაში.

P.s. საერთაშორისო მედიაში საქართველოზე, როგორც რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისაგან თავის დაღწევის შავ ხვრელზე ვერაფერი ვიპოვნე“, – წერს აგულაშვილი.