შვეიცარიის სასამართლომ Credit Suisse-ი ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო

0
277

ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი – Credit Suisse, შვეიცარიის ფედერალურმა კრიმინალურმა სასამართლომ ფულის გათეთრების გახმაურებულ საქმეში დამნაშავედ ცნო.

ბანკი დაჯარიმებულია 1.7 მილიონი ფუნტის ოდენობით და  დავალებული აქვს შვეიცარიის მთავრობისათვის 15 მილიონი ფუნტის გადახდა.

საქმე ეხება 2004-2008 წლებში ბულგარული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ნარკოტიკების რეალიზაციით გამომუშავებული ფულის გათეთრებისა და ბანკში შენახვის ხელშეწყობას.

როგორც გამოცემა BBC წერს, კრიმინალურ სინდიკატს,რომელსაც ევროპაში ნარკო ქსელი ქონდა, ბანკმა არასაკმარისად გამოიკვლია.

საქმეზე დაკავებულია ყოფილი ბულგარელი ჩოგბურთელი ელენა პამპულოვა-ბეგრომი, რომელიც კრედიტ სუისში მუშაობდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ უმსხვილესი ბანკი კრიმინალურ საქმეში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შესაძლოა შვეიცარიული საბანკო-საფინანსო სფეროსთვის გარდამტეხ მომენტად იქცეს.

Credit Suisse-ის განცხადებით, ბანკის წარმომადგენლობა სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს.