კოვზანაძე: დაზღვევის სექტორში პრუდენციალური ზედამხედველობიდან უნდა გადავიდეთ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე

0
160

დაზღვევის სექტორში პრუდენციალური ზედამხედველობიდან უნდა გადავიდეთ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) – „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება,“ დახურვის ცერემონიაზე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა დაზღვევის ახალი კანონპროექტი, რომელიც განსხვავებული იქნება დღეს არსებული კანონმდებლობისგან. მოხდება Solvency II-ის დანერგვა, რაც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ხელს შეუწყობს დაზღვევის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას სადაზღვევო სექტორის სტატისტიკაზეც ისაუბრა. „ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 267,6 მილიონი ლარი, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ – 42,6 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 111,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 324,7 მილიონ ლარს,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ბაზარს შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია, რისთვისაც მეტი აქტიურობა და ინოვაციაა საჭირო.

დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) – „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.