კალაძე – კომპანიებისთვის გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ საათობრივი პარკირების გადახდა

0
166

თბილის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირებისთვის 1751 ადგილი გამოიყოფა.

კალაძის თქმით, აღნიშნული რაიონების ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომელთათვის პარკირება უფასო იქნება.

„ჩვენ დავაანონსეთ, რომ 1-ელი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ამოქმედდება ზონალურ საათობრივი პარკირება.

კონკრეტულად, საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე. გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე. აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, რომელთათვის პარკირება უფასო იქნება, ასევე გათვალისწინებული იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ საათობრივი პარკირება ამოქმედდება – მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო 1-ელი ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება და ასევე ჩვენი თანამშრომლები ეხმარებოდნენ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში.

ამ პროექტის გათვალისწინებით 1751 ადგილი გამოიყოფა და ამ სივრცეში განხორციელდება ზონალური საათობრივი პარკირება”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, იქ, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირება მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის პარკირება, საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო იქნება.

ამასთან, მისივე თქმით, კომპანიებისთვის გაკეთდა აბონემენტები.

„კომპანიებისთვის და სხვადასხვა საწარმოებისთვის გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ საათობრივი პარკირების გადახდა. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ აბონემენტები და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი თანამშრომლებისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.