„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე – უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის

0
328

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ფქვილის მარაგის კუთხით პრობლემები არ არსებობს.

„ახლა არის ახალი მოსავლის აღების პერიოდი. გარდა ამისა, ხორბალი და ფქვილი შემოდის, ამიტომ ჯერჯერობით მე დაგიდასტუროთ, რომ პური გაძვირდება – ეს არ იქნება მართალი,“ – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე ფასები მომატებულია. ამასთან, საქართველოში სტაბილურად კარგი ხარისხის ფქვილი არ შემოდის.

„ბოლოს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა. დღევანდელი ფასი არის 79 ლარი. გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის ფასიც ნელ-ნელა ზემოთ იწევს. რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს ეტყობა ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს,“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტი ხორბლის მოსავალს ელოდებიან.

„მართალია ეს რაოდენობა ჯერჯერობით ცოტაა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ სიტუაციამ შექმნა ის, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა მეურნემ ხორბლის მოყვანა დაიწყო, საუკეთესო სათესლე მასალას მიუბრუნდნენ. ეს საქართველოში ძალიან კარგი ტენდენციაა,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.