არის თუ არა ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთი – უჩა მამაცაშვილი ბრალდებას პასუხობს

0
300

რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო საქნციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.

გუშინ, „მთავარმა არხმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული ტვირთია, რომელიც თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე „ესენკაზეა“ დატვირთული. ტელეკომპანიის წყაროს ცნობითვე, გემი რუსული სანქცირებული კომპანიის როსნეფტის, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით არის დატვირთული და ქართული მხარე ახლა ცდილობს ტვირთს წარმომავლობა შეუცვალოს და ევროპაში ისე გაააგზავნოს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ ტვირთს მფარველობენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები — ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

ლილუაშვილს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა დღეს, მამაცაშვილის სახელით, განცხადება გაავრცელა მისმა ადვოკატმა. ამირან გიგუაშვილი უარყოფს, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული საწვავით დატვირთული გემის ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, უჩა მამაცაშვილი მფარველობს. როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან.

„ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა მისი განცხადებით სენსაციური ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა მისი განცხადებით ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეს ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.

გვსურს, მივმართოთ ყველა მედიასაშუალებას, რომ სიუჟეტის მომზადებისას გადაამოწმონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროს მეშვეობით, პირველ რიგში კი ჩვენთან, რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნულია უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებაში.