,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის 2022“-ის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა

0
400

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პირველად გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“.

აღნიშნულ ფორუმს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფორუმის მსვლელობისას გაიმართა ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა. კვლევის ჩატარებისას, გამოიკითხა ბიზნეს რეფორმებისა და გამოწვევების კუთხით ასოცირებული 35 საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო  176 კომპანია ინლაინ ფორმატში იღებდა მონაწილეობას.  გამოკითხულთა 75 %-ს მიაჩნია, რომ საქართველოში შექმნილია სასურველი ბიზნესგარემო.

ამასთან, ფორუმის ორგანიზატორებმა მონაწილეებს, ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფცია წარუდგინეს, რომელიც  ბიზნეს გაერთიანებებს თანამშრომლობის ეფექტურ შესაძლებლობებს  შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საბაჟო რეფორმებს პოზიტიური განვითარების დინამიკის მიხედვით პირველი ადგილი დაეთმო.

ფორუმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის (კერძოდ ევროპული ბიზნეს გარემოს ანგარიშის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის)  სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს აღიარებისთვის, მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე მოუწოდა ევროკავშირთან დაწყებულ იქნას აქტიური მუშაობა ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორის ურთიერთ აღიარების შეთანხმებაზე.