წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

0
409

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საწარმო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ წილკანში მდებარეობს და მისი მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.

„ამ ახალგაზრდებმა აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე დროში წარმატებული პროექტის კარგად ორგანიზება და პირველი მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგეს. მოხარული ვარ, რომ მათ წარმატებაში სახელმწიფოსაც თავისი წვლილი აქვს და კომპანიამ პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განავითარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ხელს უწყობს რეგიონში დასაქმებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით, 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერთიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები.

„წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანს. კომპანია „ტიმეომ“ ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომლის საფუძველზეც კომპანია „ესკალი“ ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას მთლიანად შეისყიდის. კომპანია „ესკალი“ ფრანგულ ბაზარზე მოლუსკების და თევზეულობის მხრივ უპირობო ლიდერია.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სულ დაფინანსებულია 65 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონ ლარამდეა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1 230-ია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.