შვედეთის ხელისუფლებამ Tetra Pak-ს რუსეთში პროდუქციის ექსპორტი აუკრძალა

0
183

შვედეთის ეროვნულმა სავაჭრო საბჭომ უარყო Tetra Pak-ის მოთხოვნა რუსეთში პროდუქციის ექსპორტის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ გაზეთი Dagens Nyheter იტყობინება.

მაისის ბოლოს, უამრავმა შვედურმა კომპანიამ, მათ შორის Tetra Pak კონცერნმა, მიმართა ქვეყნის მთავრობას თხოვნით, ეპოვა გზა რუსეთში ლოკალიზებული საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის ექსპორტისთვის. კერძოდ, ტეტრა პაკმა, რომელიც ფლობს ქარხანას მოსკოვის ოლქის ქალაქ ლობნიაში, შვედეთის ხელისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით რუსეთში ექსპორტის დაშვება სთხოვა, რადგან კომპანია აწარმოებს „ქვეყანაში [რუსეთში] გამოყენებული რძისა და წვენის 10 შეფუთვიდან შვიდს”.

გარდა ამისა, ტეტრა პაკმა აღიარა, რომ ექსპორტის შეწყვეტის გამო, კომპანიის აქტივების ნაციონალიზაცია მოხდება, რაც რუსეთს მისცემს “წვდომას ტექნოლოგიებზე, რომლებიც ამჟამად არ გააჩნია”. ამრიგად, ევროკავშირის მიერ რუსეთთან მიმართებაში მიღებული ზომები საპირისპირო შედეგსაც გამოიღებს.

შვედეთის ეროვნული სავაჭრო საბჭო არ დაეთანხმა კომპანიის არგუმენტებს და განაცხადეს, რომ ტეტრა პაკის პროდუქციის რუსეთში ექსპორტი ჰუმანიტარული თვალსაზრისით შეუძლებელია.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tetra Pak გეგმავს რუსეთის დატოვებას. 23 მაისს Tetra Pak-ის პრესსამსახურმა TASS-ს განუცხადა, რომ კომპანია აპირებს გააგრძელოს მუშაობა რუსულ ბაზარზე.

Tetra Pak არის გლობალური ლიდერი საკვების გადამუშავებისა და შეფუთვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 25 ათასზე მეტი თანამშრომელი მთელ მსოფლიოში. ტეტრა პაკის ქარხანა მდებარეობს ლობნიაში, რომელიც არის ყველაზე დიდი საწარმო რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში თხევადი საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალის წარმოებისთვის.

გიორგი არაბული