გიორგი კაკაურიძე: განახლებული პროგნოზით, 9.1%-ია წლიური ინფლაციის მაჩვენებელი

0
241

2022 წელსაც მაღალი ინფლაცია ნარჩუნდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 9.1%-ია წლიური ინფლაციის მაჩვენებელი.

მისი თქმით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევრიდან მიუახლოვდება.

“ჩვენ გასულ წელს გვქონდა საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. წლის ბოლოსთვის ინფლაციამ მიაღწია 13.9%-ს, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი წლიური იყო 9.6%. სამწუხაროდ ეს დინამიკა წელსაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ბიუჯეტის დამტკიცებისას ჩვენი პროგნოზი გაცილებით ნაკლები იყო, 2022 წელსაც მოსალოდნელია, რომ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 9%-ზე მაღალი იყოს. აქაც ბევრი გაურკვევლობაა.

არის რისკები, რომ უფრო მაღალი იყოს, ან შემცირდეს. ეს დამოკიდებულია რამდენად იტყვის უარს დასავლეთი რუსულ გაზზე და ნავთობზე, რამდენად შეიცვლება ამის საბაზრო ღირებულება მსოფლიო ბაზარზე. რა თქმა უნდა ეს 2 პროდუქტი გავლენას ახდენს სხვა პროდუქტების ფასებზე, შესაბამისად ამ მხრივ წელსაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ფასების კუთხით და განახლებული პროგნოზით 9.1%-ია წლიური ინფლაციის მაჩვენებელი.

მომდევნო წლებში ინფლაცია კლებულობს. 2023 წლის მეორე ნახევრიდან წლის ბოლოსთვის ველოდებით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს გაუტოლდება ინფლაცია, შემდეგ 3%-ის ფარგლებში უნდა იყოს და აღარ იქნება დიდი რყევები”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.