სოსო ფხაკაძე: ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა ბიზნესომბუდსმენს დაევალა

0
110

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ბიზნესომბუდსმენს ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა დაევალა.

„ჩვენი ასოციაცია ინვესტორთა საბჭოს წევრი პირველივე დღიდანაა. ვფიქრობ, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. არანაირი თეატრალური წარმოდგენა აქ არ არის. სხდომაზე ბინადრობასთან დაკავშირებით საკითხი არ დაგვიყენებია. ამაზე საუბარი ორიოდე სიტყვით იყო და ომბუდსმენს დაევალა, საკითხი შეისწავლოს.

ინვესტორებს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის“ ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემით არასოდეს მოუმართავთ. თუ მოგვმართავენ, იმ დღესვე დავინტერესდებით და ბოლომდე მივხედავთ, რომ საკითხი გადაწყდეს“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ორი საკითხი დააყენა.

„ერთი შეეხება შრომით კანონმდებლობას, რომელიც 2019 წელს შეიცვალა. თავის დროზე ჩართულები ვიყავით. ორმა წელმა პრაქტიკაში აჩვენა, რომ რაღაც ხარვეზებია და მინდა, ეს შეიცვალოს. საკითხი ჩვენი წევრების სახელით დავაყენე, რადგან ბევრ კომპანიას აწუხებს. მეორე საკითხი შეეხებოდა ენერგეტიკულ ინდუსტრიას, განსაკუთრებით განახლებად ენერგიას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ექვს თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.