„თელასმა“ 55,8 მლნ ლარის მოგება მიიღო

0
264

თბილისის ელექტროენერგიის მთავარმა მიმწოდებელიმა 2021 წელი დადებითი მაჩვენებლით დაასრულა. „თელასმა“ გასულ წელს 55,8 მლნ. ლარი წმინდა მოგება მიიღო. 2020 წელთან შედარებით კომპანიის მოგება 2021 წელს 128,7 მლნ-ით გაიზარდა. პანდემიურ 2020–ში კომპანიას 72,9 მლნ ლარის წმინდა ზარალი ჰქონდა. ამის შესახებ სს “თელასის” გასული წლის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.

საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელურმა კომპანიამ, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს 2020 წელს 398 მილიონი ლარის ღირებულების 2,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის რეალიზაცია მოახდინა.

აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 7,07%-ით გაიზარდა

ამონაგებმა ელექტროენერგიის რეალიზაციიდან 2021 წელს შეადგინა 181 928 ათასი ლარი, რაც 57 407 ათასი ლარით მეტია 2020 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის განაწილების და ტრანზიტის ტარიფის მოცულობის ზრდის გამო.

კომპანიას მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს შეადგინა 42 მლნ ლარი. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს შენარჩუნებული იქნა მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია და წლის ბოლოს ამ რიცხვმა 700 ათასს გადააჭარბა.

ანგარიშის მიხედვით 2021 წელს სს „თელასის“ ელექტრული ქსელების მუშაობისას სულ 1548 ტექნოლოგიური დარღვევა მოხდა, რაც 2020 წელთან შედარებით 2.4% ნაკლებია.

2021 წელს სს „თელასის“ კაპიტალმა 112 429 418 ლარი შეადგენა და 112 429 418  ჩვეულებრივ აქციადაა დაყოფილი, რომელთა ნომინალური ღირებულებაა 1 ლარია.

ერთ-ერთი უმსხვილესი არასაფინანსო კომპანიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს „თელასს“ დაგეგმილი აქვს განახორციელოს ქვესადგურების „სანაპირო“-სა და „მახათა“ -ს რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოები. ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის მონტაჟი ქვესადგურში „ჩუღურეთი“. ქვესადგურებში „მცირე ნავთლუღი“, „დინამო“ და „საბურთალო-1“ დაგეგმილია ელექტრომომარაგების საიმედოობის პროექტების განხორციელება. გარდა ამისა, ქვესადგურში „საბურთალო-1“ განხორციელდება ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი. 2022 წელს ქსელის განვითარებაში დაგეგმილია 48 მლნ ლარზე მეტი ოდენობით ინვესტიციების დაბანდება.

„თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით 2021 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო. რეფორმის პროცესში განხორციელდა ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების საქმიანობის განცალკევება. „თელასი“ გახდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ხოლო მიწოდების ფუნქციები „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიას“ (შპს „თელმიკოს“) გადასცა.

შედეგად, „თელასის“ საქმიანობის ძირითადი სახეობები გახდა: ელექტროენერგიის ტრანსპორტირება; ქ. თბილისში ელექტროგამანაწილებელი ქსელის მომსახურება, ექსპლუატაცია, ეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და გაფართოება, ელექტროენერგეტიკული სისტემების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ „თელასი“ 1937 წელს დაფუძნდა, 1995 წელს კომპანია სააქციო საზოგადოების სახით დარეგისტრირდა. 2021 წლის 1 ივლისამდე კომპანიის ძირითადი საქმიანობა იყო ელექტროენერგიის შესყიდვა და განაწილება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო სექტორების მომხმარებლებზე თბილისში. კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს Silk Road Holdings B.V (შემდგომში − მშობელი კომპანია), ხოლო მისი საბოლოო მშობელი კომპანიაა სსს „ინტერ რაო“ (შემდგომში − საბოლოო მშობელი კომპანია), რომელსაც აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია. აქციების 24.53% ფლობს შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“, რომელიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიაა. დანარჩენ 0.36% კერძო პირები ფლობენ.

commersant.ge