შეხვედრები ხელოვანებთან „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში

0
29

„თიბისი კონცეპტის“ სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში, ორ გამოფენას უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის გამოფენა „მთის მიღმა“ 7 მაისს, ხოლო ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი“ 10 მაისს გაიხსნა.

„ვახო ხეთაგური 1989 წელს დაიბადა. თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. 2012 წელს გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლაში სწავლობდა, 2013-2014 წლებში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში სემინარები გაიარა. პერსონალურ პროექტებზე მუშაობს და სხვადასხვა მედია გამოცემებთან თანამშრომლობს. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვახოს პირველი გრძელვადიანი პროექტი არის “ცხოვრება რელსებზე”, რომელზეც მუშაობას დღემდე აგრძელებს.

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმასა და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის სინათლეს იკვლევს – როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს, ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას როგორ განსაზღვრავს, ვირტუალური რეალობა როგორ არის აგებული და როგორ გვცვლის აღქმა.

გამოფენების ჭრილში საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ვახო ხეთაგურთან ერთად შეხვედრას ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა დაესწრნენ. საუბარი ვახოს შემოქმედებას და გამოფენის ირგვლივ დისკუსიას შეეხო.

3 ივნისს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცემ ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან შეხვედრას უმასპინძლა. ირინა პოპიაშვილი, კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე სანდროს შემოქმედებასა და გამოფენაზე „გარე თვალით დამკვირვებელი“ ისაუბრეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.