“მაკარონი ქართული” შესაძლოა ირანის ბაზარზე შევიდეს

0
158

ქართული მაკარონის მწარმოებელი კომპანია „გრანდ კახეთის“ პროდუქციის ექსპორტით ირანი დაინტერესდა.

კომპანიის დირექტორი პაატა მამისაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ „გრანდ კახეთი“ 5 სახეობის პროდუქტს – მაკარონს და ვერმიშელს აწარმოებს. მათ შორის, 20-კილოგრამიან, 5-კილოგრამიან და 900- გრამიან შეფუთვებში. პროდუქტი “მაკარონი ქართულის“ ბრენდით  1 წელზე მეტია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

მამისაშვილის ინფორმაციით, კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმობს, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში ქართული მაკარონი ირანის ბაზარზე წლის ბოლომდე შევა. ექსპორტთან დაკავშირებით მიდის მუშაობა სომხეთის ბაზართანაც.

პროდუქცია მზადდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან ყოველგვარი დამატებითი მინარევების გარეშე. პროდუქცია ასაწონია და სუპერმაკეტების „ნიკორას“, „ლიბრეს“ და „ზღაპარის“ ქსელში იყიდება.

კითხვაზე, ხომ არ განიხილავს კომპანიის მენეჯმენტი 1 ივლისიდან ფასების ზრდას,გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პერიოდიდან  იზრდება იურიდიული მომხმარებლისთვის გაზის საფასური, მამისაშვილი აცხადებს, რომ კომპანია ბუნებრივ აირს მხოლოდ ოფისის გასათბობად იყენებს და აღნიშნულ კომპონენტს თვითღირებულებაში არანაირი წილი არ უჭირავს.

მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე კომპანია წარმადობის გაორმაგებას (24 საათში 10 ტონა) და მაკარონის 15 სახეობამდე გაზრდას გეგმავს. მათ შორის, წლის ბოლომდე შესაძლოა ე. წ სპაგეტის წარმოებაც დაიწყოს.

„გრანდ კახეთის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას მაკარონისთვის საჭირო ნედლეული, უმაღლესი ხარისხის ფქვილი რუსეთიდან შემოაქვს.

მამისაშვილი განმარტავს, რომ კომპანია ნედლეულის ალტერნატიულ ბაზრად ყაზახეთს განიხილავდა, თუმცა, მაღალი ფასის გამო ისევ რუსეთის ბაზაზრიდან მომარაგებას განიხილავს.

მისი განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი ვერც რაოდენობას აკმაყოფილებს და თან მაღალი ფასი აქვს, რაც კომპანიისთვის ხელსაყრელი არ არის.

მისი ინფორმაციით, ქარხანაში, რომელიც მარტყოფის გადასახვევთან მდებარეობს, დაახლოებით ₾0.5 მლნ-მდე ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროისთვის ქარხანა თანამედროვე ევროპული დანადგარებით მუშაობს.

business-partner.ge