თურქეთი უკრაინულ მარცვლეულს 25%-ზე მეტი ფასდაკლებით შეიძენს

0
27

თურქეთის ხელისუფლება უკრაინიდან მარცვლეულის შეძენას 25%-ზე მეტი ფასდაკლებით აპირებს. ამის შესახებ სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ვაჰიტ კირიშჩიმ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ანკარა აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით.

„უკრაინასთან მიღწეულია შეთანხმება მარცვლეულის შესყიდვაზე 25%-ზე მეტი ფასდაკლებით, თუმცა ისინი უსაფრთხოებისა და პროდუქციის ექსპორტის კუთხით დილემის წინაშე დგანან და სურთ, რომ თურქეთი ამ პროცესში არბიტრის როლს ასრულებდეს. ამ პრცესში როგორც რუსეთი, ასევე უკრაინაც გვენდობა“, – ციტირებს მინისტრის სიტყვებს გაზეთი Yeni Şafak.

მისი თქმით, ამ კვირაში თურქეთში გაიმართება ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ეძღვნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებას. ერთ-ერთი მათგანი სტამბულში რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება, რომელიც მიეძღვნება უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ტრანსპორტირების სადამკვირვებლო ცენტრის შექმნას.

„მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის საკითხებს ოთხშაბათს ანკარაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი განიხილავს, განაცხადა თურქმა მინისტრმა.

თურქეთის ხელისუფლება ადრე იტყობინებოდა, რომ სტამბოლში ე.წ. მარცვლეულის ცენტრის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ზოგადად კარგად მიდის და უკრაინული მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის გავლით და სრუტეებით შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.

სანდრო პირველი