„თუ შოკი არ გაჩნდა, ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“

0
23

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის და ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში დაუბრუნდება. ამის შესახებ მესტვირიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია.

„ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორად არის ფოკუსირებული ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებისკენ. ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუაში.

ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისთვის არსებულ სიტუაციას. თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.