თურნავა – ჩემთვის დიდი პატივია, მომეცეს შესაძლებლობა, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს

0
20

ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს, როგორც საბჭოს წევრი, იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი მხარს დამიჭერს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომეს ზურაბიშვილის იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რისი განხორციელებაც ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახდინეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში.

ვფიქრობ, რომ დღეს არის საკმაოდ რთული პერიოდი მსოფლიოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს ვხედავთ და ამას ეროვნული ბანკიც ეთანხმება, არის ინფლაცია და გლობალური პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გამკაცრებული ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის სწორედ ის, რაც პასუხობს ინფლაციას.

„შესაბამისად, ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. სწორედ ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, რომ აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და ჩემი წვლილი, ჩემი სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.