რატომ გაუფასურდა ლარი არანორმალური სისწრაფით? – “მალე კურსი ისევ 2.85-2.90-ის შუალედში იტრიალებს”

0
23
ბიზნესისა და სამომხმარებლო ბაზრისთვის ასეთი მკვეთღი რყევა ძალიან ცუდია და ფასებზეც უარყოფითად მოქმედებს

მკვეთრად გამყარებული ლარი დიდი სისწრაფით გაუფასურდა და ახლა 3.0-იანი ნიშნულთან ახლოს ტრიალებს. “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე, გუშინდელი დღის მონაცემებით, დილით ერთი დოლარი 3.05 ლარი ღირდა, უკვე დღის ბოლო კი, 3.01 ლარი. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა იწვევს მოკლევადიან პერიოდში ლარის დიდ ამპლიტუდას და რამდენად შესაძლებელია კურსი იმ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდეს, როგორზეც ერთი კვირის წინ იყო.

მიმდინარე წლის მარტის მეორე ნახევრიდან, კურსი სულ უფრო და უფრო მყარდებოდა. ლარი პოზიციების გაუმჯობესებას თითქმის ყოველდღიურად ახერხებდა. რევალვაცია განსაკუთრებით მკვეთრად შესამჩნევი წინა თვეში იყო, რა დროსაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.85 ლარი შეადგინა.

ასეთი პოზიტიური ტენდენციის შემდეგ, ლარი მოულოდნელად გაუფასურდა და 2 დღეში 20 პუნქტით დაეცა. გუშინ ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 3.05 ლარი ღირდა, თუმცა მალევე გამყარებისკენ აიღო გეზი დღის ბოლოს 3.01 ლარზე შეჩერდა.

ლარის მკვეთრ გაუფასურებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი რყევა უწოდა.

“შეუძლებელია ვიცოდეთ თუ რამ მოახდინა გავლენა მოკლევადიან ცვლილებაზე. მოკლე პერიოდში გაუფასურებას წინ დიდი გამყარება უძღოდა. როცა ჩვენ გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას არა მარტო ერთი დღის ან ერთი კვირის ჭრილში უნდა შევხედოთ, არამედ მინიმუმ ერთი კვარტლის განმავლობაში. ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა. ადრეც მომხდარა ასეთი რყევები. რაც შეეხება პროგნოზებს, ცენტრალური ბანკი მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში არ აკეთებს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

16 მაისის შემდეგ პირველად ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.0-იან ნიშნულს გადასცდა. ოფიციალურად, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.02 ლარი ღირს, ხოლო ევრო – 3.24 ლარი. ბოლო 3 დღეში ლარი თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა. პარასკევს 30 მაისისთვის გამოცხადებული ოფიციალური კურსი 2.86-ს შეადგენდა.

ლარის ვარდნას რამდენიმე მიზეზით ხსნის ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე დასაზოგადოებას ამშვიდებს, რომ გაუფასურება დროებითია, იგი ისევ გამყარდება და 2.80-2.90-ის დიაპაზონში იტრიალებს.

“ზოგადად, არა მხოლოდ წლის დასაწყისიდან, არამედ წინა წლის ბოლოდან ლარი გარკვეული სტაბილურების ტრენდზე იყო, რომელიც განსაკუთრებით ამ თვეში იყო შესამჩნევი. სხვათა შორის, იყო კიდევაც მოსაზრება, რომ როდესაც ლარმა 3.0-იანი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა, კურსი დაჯდებოდა ახალ დაკორექტირებულ მაჩვენებელზე, სადაც ნაგულისხმევი იყო 2.80-2.90 დიაზაპონში.

ლარი არ არის კონვერტირებადი, ის არის შეზღუდული კონვერტანციის ვალუტა და ამ ტიპის ვალუტებს ახასიათებს ხოლმე გარკვეული რყევა. თუ ბოლო პერიოდის მაჩვენებლებს ავიღებთ და განსაკუთრებით იმ მონაცემებს, როდესაც 3.0-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ვნახავთ, რომ ისეთი არაფერი არ ხდებოდა.

ბოლო რამდენიმე დღის გაუფასურება დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან: პირველი – რუსული რუბლის ძალიან სწრაფ გაუფასურებასთან; მეორე – დოლარის კურსის გამყარებასთან. ეს ფაქტორი მხედველობაში უნდა მივიღოთ, რადგანაც ყველა პარამეტრით, ამერიკის ფედერალური რეზერვი არ აპირებს განაკვეთის შემცირებას. სარეზერვო განაკვეთი მაღალ მაჩვენებელზეა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ძვირი დოლარი ზემოქმედებს ყველა ვალუტაზე და მათ შორის ლარზეც; მესამე კი არის საგარეო ვალების მომსახურების პერიოდი და ეს არ უნდა გამოგვრჩეს. პერიოდულად, ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები და კომპანიები იღებენ ხოლმე საგარეო წყაროებიდან კრედიტებს და უწევთ ამ ვალდებულებების გასტუმრება. მაისის ბოლო სწორედ ამ ვალდებულებების დაფარვის დროა. სხვა რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი, რომელმაც ლარი შეიძლება გააუფასუროს, არ არსებობს.

ლარის კურსის ვარდნის მოლოდინი არ არსებობს. ისეთი რისკ ფაქტორიც კი, როგორიც არის უკრაინის ომი, საქართველოზე არ აისახება. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ლარი დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, რომელიც წინა პერიოდში ჰქონდა. გარკვეული რყევის დიაპაზონი ლარს ყოველთვის ექნება, ეს დამახაისიათებელიც არის, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ძალიან ბევრი კონვერტირებული ვალუტისთვის. ქართული ლარისთვის ამგვარი მერყეობის დიაპაზონი იქნება 2.85-2.90-ის შუალედში”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.

მოკლე და სწრაფად ცვალებადი კურსი ბიზნესზე გავლენას უარყოფით ახდენს. ასეთ დროს, კერძო სექტორს გათვლების გაკეთება განსაკურებით უჭირს.  სწორედ ამაზე საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე და აღნიშნავს, რომ მკვეთრი გაუფასურებაც და გამყარებაც კერძო სექტორზე დადებითად არ აისახება.

„ბუნებრივია, ბიზნესზე არასოდეს დადებითად არ მოქმედებს, არც კურსის გაუფასურება და არც გამყარება. დევალვაცია ნებისმიერი შემთხვევაში არ არის მისაღები, ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, ხოლო გამყარების შემთხვევაში, როგორც წესი, ექსპორტიორებს ექმნებათ ხოლმე გარკვეული საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ უცხოეთში გასატანი პროდუქციიდან უკვე ნაკლები შემოსავალი აქვთ.

ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენცია იყო კარგი. ვერ ვიტყი, რომ ეს პროცესი რაღაც განსაკუთრებულ პრობლემას შეუქმნიდა თუნდაც ექპორტიორეს, მაგრამ ზოგად კონტექსტში რომ განვიხილოთ, სწრაფი ცვალებადობა არასოდეს არ არის მისაღები. სწრაფი ცვლილება არის, როდესაც ერთთვიან პერიოდშია ძალიან მკვეთრი გამყარება, ანდა გაუფასურება.

სამწუხაროდ, გლობალურად არის რთული ეკონომიკური სიტუაცია და ეს თავის გავლენას ახდენს საქართველოზე. კურსთან მიმართებითაც უკვე რთული გახდა პროგნოზირება, თუ რა რაზე მოქმედებს. ახლა იმედს ვიტოვებ, რომ დამატებით სწრაფი გაუფასურება აღარ მოხდება. პრინციპში, ამის რაიმე მოლოდინი არც უნდა არსებობდეს”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.

წყარო: “რეზონანსი”