„საკუთრებაში ავიღებთ „ბორჯომის“ აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ეს არ არის დროებითი“

0
5

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ წილს სახელმწიფო საკუთრებაში დროებით არ იღებს და სანქცირებული პირებისგან ათავისუფლებს იმისთვის, რომ კითხვები აღარ იყოს და კომპანიამ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს.

ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში „ბორჯომის“ აქციების ნაწილის გადასვლით სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.

„ბევრი ინფორმაციის გაცემა არ შეიძლებოდა, რადგან კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვიყავით კომპანიასთან. აქ არ არის საუბარი არანაირი სანქციების გვერდის ავლაზე. ამაზე ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს „ბორჯომის“ აქციების ნაწილი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია აღარ იყოს სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ.

თუმცა, აქ არის ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსი, რომლის გავლაც ხდებოდა სხვადასხვა მარეგულირებელთან, რომლებმაც ეს სანქციები შემოიღეს. ეს შეეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და პროცესი არ დაგვისრულებია.

უახლოეს პერიოდში მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ინფორმაციას საზოგადოებას გავუზიარებთ. თუმცა, კონკრეტული არის ის, რომ ჩვენ საკუთრებაში ავიღებთ „ბორჯომის“ აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომში“ კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ეს არ არის დროებითი“, – განაცხადა დავითაშვილმა.