ახალი დარტყმა გლობალურ ეკონომიკას – ინდოეთი მორიგი საექსპორტო შეზღუდვის დაწესებას აპირებს

0
19

ინდოეთის ხელისუფლებამ შესაძლოა განიხილოს ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვა, რათა უზრუნველყოს საკმარისი შიდა მარაგი და თავიდან აიცილოს ფასების ზრდა, წერს The Economic Times.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბრინჯის ექსპორტზე შესაძლოა იგივე შეზღუდვები დაწესდეს, რაც შაქარზე: მისი ექსპორტი 10 მლნ ტონაზეა შეზღუდული. გამოცემის კიდევ ერთი თანამოსაუბრე ამბობს, რომ სულ განიხილება შეზღუდვები ხუთი სახეობის პროდუქციის ექსპორტზე, აქედან ორი (ხორბალი და შაქარი) უკვე შეიზღუდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აპრილში ინდოეთში ინფლაციამ 7,79%-ს მიაღწია, რაც რვა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ბევრი ქვეყანა ამჟამად ახორციელებს შიდა მარცვლეულის პოლიტიკას. ინდოეთს სურს უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი თავის, მეზობლებისა და დაუცველი ქვეყნებისთვის“, – განუცხადა გამოცემას ოფიციალურმა პირმა.

ინდოეთმა გადაწყვიტა ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მისი გაძვირების გამო. ორი დღის შემდეგ ხორბლის ფასმა ევროპაში რეკორდი დაამყარა ტონაზე 438,25 ევრო. ინდოეთი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ბრინჯის მწარმოებელია ჩინეთის შემდეგ და ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრინჯის ექსპორტი მოახდინა 150-ზე მეტ ქვეყანაში.

გიორგი არაბული