კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, თელავამდე ჩასვლას 1 საათი და 20 წუთი დასჭირდება

0
14

კახეთის მაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც 600 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2021 წელს კახეთის მაგისტრალის და ბაკურციხე-წნორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. ასევე, მსოფლიო ბანკმა საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთისთვის სესხი დაამტკიცა და წინა სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, დაგეგმილი მშენებლობების შედეგად, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა მაგისტრალური გზით, 1 საათსა და 20 წუთში, კომფორტულად და უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.

„ეს პროექტები კახეთის რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად და დამატებითი შესაძლებლობების გასაჩენად ისტორიული იქნება. როდესაც წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, რომლითაც განახევრებული დროის პირობებში, 16 კმ-იან მონაკვეთს 10 წუთში ფარავ და რაც მთავარია, ქალაქზე გამავალი გზა ახალი შემოვლითი გზით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.