„ლარის გამყარება მთელი ზაფხული გაგრძელდება, კურსი 2.80-ს ჩასცდება და ახალ ნიშნულს იპოვის“

0
23

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ასახელებს იმ არგუმენტებს, თუ რატომ მყარდება ლარი. როგორც ის აღნიშნავს, პანდემიის დასასრული, ტურიზმის აღდგენა და უცხოური ინვესტიციები ის მიზეზებია, რომლებიც კურსის გამყარებაზე დადებითად მოქმედებს.

„ლარის გამყარებას ფუნდამენტური საკითხები განაპირობებს, რაც დაკავშირებულია ზოგადად სავალუტო შემოდინებების ბალანსთან. პირველ რიგში, ეს არის ექსპორტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი; საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 70%-ით აღდგენილია, რაც კოვიდპანდემიამდე იყო; მესამე, ძირითადი ფაქტორი ფულადი გზავნილებია, რაც თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი და ეს დაკავშირებულია, გარკვეულწილად, უკრაინაში მიმდინარე ომსა და აქ ჩამოსულ ლტოლვილებთან.

ნიშანდობლივია, რომ ტურიზმი მართალც აღდგა, თუმცა ისე არა, როგორც 2019 წელს იყო. ამასთანავე, მართალია, ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, თუმცა, იმავდროულად, გაზრდილია იმპორტიც, რადგან ეკონომიკური აქტივობა არის მომატებული და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რა ამყარებს ლარს? შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციები და გაზრდილი რეინვესტირება კურსს გამყარებაში ეხმარება“, – აღნიშნა ცუცქირიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ და დასძინა, რომ კურსი რა ნიშნულზეც არ უნდა ჩავიდეს ახლო მომავალში, ყველაზე რეალური 2.80-ის ფარგლებში იქნება.

„ზაფხულში კურსი, ძირითადად, მყარდება ხოლმე, რადგან ადგილობრივი პროდუქცია იზრდება, ტურიზმი ბოლო წლების პიკზეა, იმპორტირებულ პროდუქციას ქართული ნაწარმი ანაცვლებს, რაც, ბუნებრივია, სავალუტო გადინებას ამცირებს. ეს შესაბამისად მოქმედებს ლარის გამყარებაზე. შეიძლება, კურსი 2.75-ის ფარგლებშიც ჩავიდეს, თუმცა შენარჩუნება რამდენად მოხერხდება, რთული სათქმელია. სავსებით რეალურია, რომ ახლო მომავალში გაცვლითი ნიშნული 2.80-დან 2.90-მდე დიაპაზონში შენარჩუნდეს. დანარჩენს მომავალი აჩვენებს“, – აღნიშნა ცუცქირიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.