ცუცქირიძე: საგარეო ვაჭრობის მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკის სწრაფი გადაწყობის კარგი მაგალითია

0
19

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, უკრაინის ომის ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად, საგარეო ვაჭრობის მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკის სწრაფი გადაწყობის კარგი მაგალითია.

ცუცქირიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„უკრაინის ომის ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად, საგარეო ვაჭრობის მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკის სწრაფი გადაწყობის კარგი მაგალითია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 5,253.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია.

აპრილში ადგილობრივი ექსპორტი, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების და დასაქმების კარგი ბარომეტრია (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 16.3 პროცენტით გაიზარდა და 322.1 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 77.5 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 37.1 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში 1,207.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

იანვარ-აპრილში ექსპორტის მთლიანი მაჩვენებელი გაიზარდა 32.8 პროცენტით და 1,587.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 33.7 პროცენტით გაიზარდა და 3,666.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ნიშანდობლივია, რომ იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის უკრაინასა (19.7%-ით შემცირდა და 40.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა 3.6%-ით და 138.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე, ისეთ პერსპექტიულ და მაღალ იმპორტგამტარ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი და აშშ.

რეგიონის ქვეყნებიდან თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 24.4%-ით და 122.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სომხეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 46.2%-ით და 45.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 32.3%-ით და 34.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

სარეკორდოდ არის გაზრდილი აშშ-ში ადგილობრივი ექსპორტი 129.0 %-ით და 83.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ასევე პერუში სადაც ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 23-ჯერ მეტად არის გაზრდილი, მაღალი ზრდა გვაქვს ჩინეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 46.5%-ით და 277.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), ბულგარეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 53.0%-ით და 128.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), შვეიცარიაში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 44.6%-ით და 29.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

ექსპორტის დივერსიფიკაციის ზრდა აჩვენებს, რომ ეკონომიკის გადაწყობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამასთან მეტად პერსპექტიულ ბაზრებზე საექსპორტო პროდუქციის ზრდასთან ერთად, იმ პოტენციალსაც წარმოაჩენს, რაც ქვეყანამ ექსპორტის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შედეგად უკვე რეალობად აქცია და რაც, გლობალურ ბაზრებზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტის გამო, მომავალში ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის კიდევ უფრო მეტად გაზრდის საშუალებას იძლევა, როგორც ასორტიმენტის გამრავალფეროვნებით, ისე გეოგრაფიული არეალის გაზრდითაც“, – წერს ცუცქირიძე.