კანადა Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებას კრძალავს – კომპანიებს მათი ამოღება მოუწევთ

0
20

კანადამ გადაწყვიტა აკრძალოს ქვეყანაში ჩინური კომპანიების Huawei-სა და ZTE-ის აღჭურვილობისა და სერვისების გამოყენება. ამის შესახებ ქვეყნის ინოვაციების, მეცნიერებისა და მრეწველობის მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა განაცხადა.

მისი თქმით, კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კომპანიების ქმედებები ეწინააღმდეგება კანონს და შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის ინტერესებს.

კომპანიებს კანადაში, რომლებიც უკვე იყენებენ Huawei და ZTE აღჭურვილობას, მოუწევთ მისი ამოღება. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 5G ქსელების აღჭურვილობა უნდა განადგურდეს 2024 წლის 28 ივნისამდე, ხოლო 4G-ს აღჭურვილობა 2027 წლის 31 დეკემბრამდე. 2022 წლის სექტემბრისთვის აუცილებელია ახალი შესყიდვების სრულად შეჩერება, ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა, თავის მხრივ, გააპროტესტა კანადა პარასკევს გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ აუკრძალოს ჩინურ კომპანიებს Huawei-სა და ZTE-ს მონაწილეობა 5G ქსელებისთვის აღჭურვილობის მიწოდებაში.

„კანადამ, ყოველგვარი უდავო მტკიცებულების გარეშე, შეაჩერა ჩინური კომპანიები ეროვნული უსაფრთხოების საბაბით. ასეთი ქმედებები არღვევს ეკონომიკურ კანონებს და თავისუფალი ვაჭრობის წესებს და სერიოზულად ლახავს ჩინური კომპანიების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს. ჩინეთი მკაცრად გმობს ამას. მთავრობა დაიცავს ჩინური კომპანიების ინტერესებს“, – ციტირებს მის სიტყვებს TASS.

სანდრო პირველი