„თიბისისა“ და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
13

„თიბისი კონცეპტის“ ბიბლიოთეკაში „თიბისისა“ და ამერიკულ უნივერსიტეტ ვებსტერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივი შეთანხმება მიზნად სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების გამართვას ისახავს. უნივერსიტეტთან ერთად, „თიბისი“ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს დაგეგმავს და განახორციელებს. ამასთან, მემორანდუმი სხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზებასაც გულისხმობს.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს აშშ-ში დაარსდა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტი აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) -ის მიერ არის აკრედიტებული და მას მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, 50 კამპუსი აქვს.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი მიმდინარე წლის 19 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს.

“ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ. ვებსტერის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს ავითარებს და მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ამ შესაძლებლობებით ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. „თიბისისთვის“, როგორც ახალი თაობის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განათლების გავრცელება და ახალგაზრდების ხელშეწყობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და მზად ვართ, ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად, არაერთი პროექტი თუ ღონისძიება განვახორციელოთ”,-განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1 000 სტუდენტისთვის ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. უნივერსიტეტში მომავალში სხვა პროგრამების დამატებაც იგეგმება. რაც მთავარია, ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოს მასშტაბით ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში სწავლა მობილობით გააგრძელონ. სწავლის დასრულების შემდეგ, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.