სოსო ფხაკაძე საწვავის ფასზე: რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არ გვაქვს

0
12

WISSOL Petroleum Georgia საწვავის იმპორტის ალტერნატიულ გზებს ეძებს.

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ იაფი წყაროებიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში არსებულზე დაბალი ფასები ავტოგასამართ სადგურებზე მყისიერად აისახება. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ ამ დროისთვის ფასების მიმართულებით რამის გაკეთების საშუალება კომპანიას არ აქვს.

ეს განცხადება ფხაკაძემ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმეს ვეთანხმებით, თუ არა. ამ პათოსით არ წარმართულა ეს შეხვედრა. ჯერ ერთი, იქ არაფერი ისეთი მიგნებები არ არის, რომ რაიმეს არ დაეთანხმო. დღეს ომის გამო არაორდინალური ვითარებაა და ეს მხოლოდ ამ ინდუსტრიას არ ეხება. დაახლოებით 1 თვის წინ იყო პროცესი, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამო და ასევე იმის გამო, რომ მაშინ აშშ-მ თავისი რეზერვებიდან გამოუშვა ნავთობის დიდი ოდენობა, ამან ასახვა ჰპოვა იმაში, რომ ფასები ქვემოთ წამოვიდა.

ჩვენ ბაზრის მონაწილეებმა გავაკეთეთ განცხადება, ისევე როგორც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენმა მსგავსმა ოპერატორებმა, რომ იყო მოლოდინი ფასების ქვემოთ წამოსვლის. ამ ინფორმაციის საფუძველზე ხელისუფლებას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ეთქვა, რომ ელოდებოდნენ ფასების უკან წამოსვლას. ეს ყველას გაგვიხარდებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა. მარტო საბრუნავ სახსრებზე ორნახევარჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. აქ მილიონებზეა საუბარი და ამ ოდენობის საბრუნავი სახსრების მობილიზება კომპანიისთვის ძალიან მძიმე ტვირთია.

შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა და ფასების უკან წამოსვლა ძალიან ხანმოკლე გამოდგა. დღევანდელი მდგომარეობით რეკორდულად მაღალი ფასია. ამაზე ვთანხმდებით კონკურენციაც, ხელისუფლებაც. ერთი ბარელი ნავთობის ფასი $113-$114-ის ფარგლებშია. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არავის არ გვაქვს. არც ხელისუფლებს და არც ოპერატორებს. მაღალი საწვავის ფასების პრობლემა მთელ მსოფლიში დგას.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველანაირ საშუალებებს ვეძებთ ახალ დივერსიფიცირებულ წყაროებზე ვმუშაობთ ძალიან დიდი ხანია და თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე”,- განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, აქციზის გადასახადის შემცირება საწვავის ფასებზე დადებითად ვერ აისახება.

“როგორც ეკონომისტს, არაერთხელ მითქვამს, რომ სულ რომ განახევრდეს აქციზი, ისე მკვეთრად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი, ნახევრად შემცირებული აქციზის სიკეთეს ნიველირებას გაუკეთებდა რამდენჯერმე. თუმცა, როგორც ბიზნესმენი მივესალმები ორივე ხელით, თუ ხელისუფლება ნებისმიერ გადასახადს შეამცირებს. მაგრამ ვცდილობ, რომ ყოველთვის სამართლიანი ვიყო ყველას მიმართ, ხელისუფლების მიმართ, ადამიანების მიმართ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალია.

WISSOL Petroleum Georgia დღესაც ევროპიდან ყიდულობს საწვავს და ეს კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ძალიან კარგადაა ნახსენები. ვაგრძელებთ ევროპული საწვავის იმპორტს და რეალიზაციას და არაფერი ცვლილება არ არის. თუ რამე საშუალება ექნება ჩემს კომპანიას, რომ იაფი წყაროდან შემოიტანოს საწვავი, მყისიერად აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. ამ წუთში ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. თუმცა, ბოლო ათი დღის განმავლობაში გამოიკვეთა რაღაც წყაროები. თუ ეს წყარო რეალური გახდა, ძაიან გაგვიხარდება. საწვავის მაღალი ფასები კომფორტული არავისთვის არაა”,- განაცხადა ფხაკაძემ.