საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 1-ელი იანვრიდან 26%-მდე დაიწევს

0
28

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26% იქნება.

როგორც მან საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება 7 წლის ვადით გაფორმდება, რაშიც ხელისუფლება თანხას გადაიხდის და მოქნილი პირობები შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.

ირაკლი ზარქუას თქმით, საპენსიო სესხის შემცირება კარგი შედეგია და ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობით და მუშაობით შედეგი დადოს.

,,დღეს გვინდოდა პარლამენტის დარბაზიდან გვეთქვა ძალიან სასიხარულო ამბავი. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური იყო პენსიონერებისთვის მოქნილი პირობების შეთავაზება, ამასთან დაკავშირებით პირველი დღიდან ვიყავი ამ თემის ინიციატორი.

შემდეგ შემოვიდნენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით. ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით, რომ მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელშიც შედიოდნენ მინისტრები დეპუტატები და ბანკის წარმომადგენლები. მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ჩვენს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკი“ მოემსახურება გაუმჯობესებული პირობებით – თანხის უფასო შეტანა-გამოტანით, კომუნალურების გადახდით და რაც მთავარია, საპენსიო სესხების ზედა პროცენტი იქნება 26%. ეს არის ჩვენი მთავარი შედეგი, რისთვისაც დავიწყეთ ეს ინიციატივა, მანამდე 35-36%-ში იღებდნენ, ახლა კი მაქსიმუმი ზედა ზღვარი 26% იქნება.

მგონია, რომ ეს არის კარგი შედეგი და მაგალითი როგორ შეიძლება ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობით და მუშაობით კარგი შედეგი დადოს. „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება 7 წლის ვადით გაფორმდება, რაშიც ხელისუფლება გადაიხდის თანხას და ეს მოქნილი პირობები იქნება შენარჩუნებული“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, ეს იყო მეორე შემთხვევა საარჩევნო რეფორმის შემდეგ, როდესაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს „საერთო ძალისხმევით რაღაც გამოუვიდათ“.

,,საერთო ძალისხმევით შევძელით, რომ ბანკი აღარ გაძარცვავს პენსიონერებს 36-40%-ში. მაქსიმალური იქნება 26%, რაც თავიდანვე, სატენდერო პირობაში ჩადებული ზღვარი იყო. თუ პირველ იანვრამდე მოითმენენ ჩვენი პენსიონერები ძალიან კარგი იქნება, ეს უკვე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება, მაგრამ გავრცელდება იმ სესხებზე, რომელსაც პირველი იანვრიდან აიღებენ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.