„იმედი გვაქვს, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით, კომპანიები საწვავის ფასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ“

0
14

მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები საწვავის მსხვილ იმპორტიორებს შეხვდნენ.

მხარეებმა იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ქვეყანაში საწვავის გაიაფების მიმართულებით არსებობს.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, იმპორტიორებმა აპრილში ფასების შემცირების რესურსი ხელიდან გაუშვეს.

„მსხვილ ბრენდულ ნავთობკომპანიებს გავაცანით ჩვენი მონიტორინგის შედეგები. სამწუხაროდ, აპრილში ფასის კლების გარკვეული შესაძლებლობა არის გაშვებული, როცა ამისი რეალური რესურსი არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მაღალი ფასები ფიქსირდება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენც ამის ნაწილი ვართ, ხდება ამის ასახვა ფასებზე. მაინც იმედი გვაქვს, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით და იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც ჩვენ დღეს გავიარეთ, მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ბუნებრივია, კომპანიებს აქვთ თავისი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილში იყო რესურსი, რომ თუნდაც მცირედ კორექტირებული, მაგრამ უფრო მისაღები ფასი ყოფილიყო მომხმარებლისთვის. გავაგრძელებთ საწვავის ბაზრის მონიტორინგს და ასევე ვიმუშავებთ გარკვეულ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.