ITB Berlin-ის დირექტორი – დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება

0
23

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს – 2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება და მოგზაურებს ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტებში მრავალი პირდაპირი რეისები სრულდება, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან. იმავდროულად, საქართველოს ავიაბაზარზე მრავალი უცხოური ლოუქოსტერი ოპერირებს, მათ შორისაა, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში დაახლოებით 50-მდე სიხშირით ოპერირებს.

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა, დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

“საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მისი იდუმალი სამყარო მაინც აღმოუჩენელია. სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო და ვფიქრობ, მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც მსოფლიო სცენაზე განთავსდება. ჩვენ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს ვიხილავთ. COVID-პანდემიის შემდეგ, მოგზაურებს ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენა სურთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან ისინი უკვე იყვნენ იტალიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში. ამიტომ ახალ ადგილებში მოგზაურობა ურჩევნიათ. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან პირდაპირი ავიარეისები სრულდება. დარწმუნებული ვარ, ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბოლო 20 წელიწადში ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელ ქვეყანას ტურისტების მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა მომდევნო 5 წლის მანძილზე,“ – აცხადებს ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დევიდ რუეთზი.

როგორც ცნობილია, ITB Berlin წარმომადგენლებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის სექტორის წევრებს შეხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში B2B ფორმატის ღონისძიებას მართავს. გერმანიის ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიაც გაიმართება.