Welt: ევროკომისიას გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება სურს

0
29

ევროკომისია (EC) აპირებს დააწესოს გაზის ფასების ზედა ზღვარი რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Welt am Sonntag, მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამ ღონისძიების მიღებით, ევროკომისიას სურს დაიცვას ევროპელი მომხმარებლები გაზის მუდმივად მზარდი ფასებისგან.

„ამ გამონაკლის გარემოებებში, ევროკავშირის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება დაარეგულირონ სამომხმარებლო ფასები სახელმწიფო დონეზე გარდამავალ პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც გამოცემა წერს, გაზის ფასზე ლიმიტის დაწესება, არის „ლურჯ საწვავაზე“ მზარდი ღირებულების კონტროლის მოპოვების მცდელობა. ამასთან, მითითებულია, რომ რუსეთის მიერ დასავლური ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღება გახდა კატალიზატორი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.

თუმცა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, რამდენიმე კითხვა კვლავ ღია რჩება. მაგალითად, რა შეიძლება იყოს გაზის ფასების ზედა ზღვარი. რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, ევროკომისია ასევე სთავაზობს, რომ მთავრობებმა მოითხოვონ ენერგიის მიმწოდებლებმა დააწესონ ბუნებრივი აირის ფასი საბოლოო მომხმარებლების დასაცავად. მაგრამ ამ ღონისძიების განსახორციელებლად საჭიროა მნიშვნელოვანი თანხები.

„ამ ინტერვენციის დაფინანსება მნიშვნელოვან თანხებს მოითხოვს“, – აღნიშნავს ევროკომისია.

გარდა ამისა, გაზის მაქსიმალური ფასი საკმარისად გონივრული უნდა იყოს, რომ ევროპა საკმარისად მიმზიდველი იყოს ტანკერებით LNG-ის მიწოდებისთვის. თუმცა, როგორც გამოცემაში ხაზგასმულია, ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ ასეთი ღონისძიება შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული. ასე, მაგალითად, მათი აზრით, გაზზე ზღვრული ფასის დაწესება არ დაეხმარება „ლურჯი საწვავის“ დეფიციტს. გერმანიის მთავრობის შიგნით ამ ნაბიჯსაც საკმაოდ კრიტიკულად უყურებენ.

ოთხშაბათს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა საპასუხო სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული პირების სია. კერძოდ, რუსეთის სანქციების სიაში შედის Gazprom Germania GmbH, Gazprom Schweiz AG, Gazprom Marketing & Trading USA Inc, Vemex, Wingas, EuRoPol GAZ.

2022 წლის 31 მარტს გაზპრომის ჯგუფმა შეწყვიტა მონაწილეობა გერმანულ კომპანიაში Gazprom Germania GmbH და მის ყველა აქტივში, შპს „გაზპრომ მარკეტინგი ენდ თრეიდინგის“ ჩათვლით. ჰოლდინგი აღარ ფლობს სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ შვილობილი კომპანია Gazprom Export Business Services-ს, რომელიც თავის მხრივ არის Gazprom Germania GmbH-ის ერთადერთი დამფუძნებელი.

რუსულმა ჰოლდინგმა განაცხადა, რომ ამ კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ გაზპრომის სავაჭრო ნიშნების გამოყენება.

გიორგი არაბული