პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს

0
17

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესების გაცნობას, განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების მიმოხილვას.

„ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან ვეფხვაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

საბჭოს წევრებს ონლაინ რეჟიმში მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი, რომელმაც სააგენტოს როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს გუნდების ლიდერებმა კი, პრეზენტაციები წარადგინეს ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და საკითხების შესახებ როგორიცაა, პარტნიორობის და კვალიფიკაციების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობა, სტრატეგიული კომუნიკაციისა და პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები, ამჩამის (AmCham), დამსაქმებელთა ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) წარმომადგენლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.