„ობიექტური ფაქტორის გამო ეკონომიკის განვითარება არ მიმდინარეობს საჭირო ტემპით“

0
16

„ობიექტური ფაქტორის გამო ეკონომიკის განვითარება არ მიმდინარეობს საჭირო ტემპით“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, თუმცა მისი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი ბიზნეს გარემოს შექმნა კომპანიების გააქტიურებას განაპირობებს.

მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ არასწორია ორი სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის ეკონომიკის შედარება, თუმცა თავის გამოსვლის დიდი ნაწილი სონღულაშვილმა სწორედ ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შედარებას დაუთმო.

„როცა საუბრობთ საქართველოში დღეს არსებულ ბიზნეს გარემოზე უნდა გვახსოვდეს რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებისა და განსაკუთრებით მისი გათავისუფლების კუთხით. არავისთვისაა საიდუმლო, რომ დღეს კომპანიებს არ ეშინიათ, რომ  მათ სახელმწიფო სხვადასხვა მიზეზით გარკვეულ გადასახადს დააკისრებს ან აიძულებს  სახელმწიფო და ადგილობრივი პროექტები დააფინანსოს.

ამასთან, ყველას გვესმის, რომ სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის გამო ეკონომიკის განვითარება არ მიმდინარეობს საჭირო ტემპით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ ბიზნეს გარემოს შექმნა განაპირობებს კომპანიების გააქტიურებას ახალი ინოვაციური ბიზნეს პროექტების კუთხით. რაც აუცილებლად მოხდება მსოფლიოსა და რეგიონში სიტუაციის დასტაბილურების და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ეკონომიკის შედარებები.

ვფიქრობ ნარატივი მცდარია, რადგან ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული პერიოდის გარემო ფაქტორებზე, მსოფლიო ეკონომიკურ ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პანდემიის გავლენის მასშტაბებზე და ა.შ. თუმცა, კარგად ჩანს რა მასშტაბებზეა საუბარი, თუნდაც მთლიანი შიდა პროდუქტის კუთხით, სატრანსპორტო, ენერგეტიკის და ინვესტიციების  მიმართულებით და ა.შ.

ბიუჯეტის შემოსულობები 2012 წელს 8,6 მლრდ ლარი იყო, ახლა კი 15 მლრდ ლარზე მეტია. მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წელს 26 მლრდ. იყო, ჩვენი ხელისუფლების დროს ორჯერ გაზრდილია. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქართული ოცნების მმართველობის 7 წლიან პერიოდში (პანდემიის გამოკლებით) შემოვიდა 2,5 მლრდ აშშ დოლარი. მოზიდული ინვესტიციები 1.5 მლრდ. ლარით აღემატება 9 წლიან პერიოდს. 2012 წელი 4.7 მლნ ვიზიტორი გვყავდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 1,41 მლრდ დოლარი იყო. ჩვენი ხელისუფლების დროს ვიზიტორები 12 მლნ-მდე გაიზარდა, შემოსავალი კი თითქმის 3 მლრდ დოლარამდე. 2007-12 წლებში განხორციელდა 68 კმ. ჩქაროსნული ავტო მაგისტრალის მშენებლობა.

2013-20 წლებში კი 190 კმ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. 2006-12 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კილომეტრი, ჩვენი გუნდის ძალისხმევით სამუშაოები 2,5 ჯერ გაიზარდა და საშუალოდ 25 კმ გზა შენდებოდა. გაზიფიცირების კუთხით 2004-12 წლები 172 700 ახალი აბონენტი იყო, 2012-20 წლებში 320 000 ახალი აბონენტი. 2003-12 წლებში ექსპლუატაციაში ერთი ჰესი შევიდა , ხოლო 2013- 20 ექსპლუატაციაში 37 ახალი ჰესი შევიდა . ქარის ენერგია 2004-12  წლებში იყო ნული, 2012- 20 წლებში 20 მეგავატი. ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 2012 წლეს იყო 457 000, 2019 წელს 941 000.

ადრე თუ ისეთ დარგებში კეთდებოდა ინვესტიცია, რომელსაც ჰქონდა სწრაფი ამონაგები, ახლა ჩვენ ორიენტირებულები ვართ მდგრად შედეგებზე იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია ყველას დავანახოთ, რომ ვფიქრობთ გრძელვადიან შედეგებზე და რა თქმა უნდა ამაში სახელმწიფოს როლი არის უმნიშვნელოვანესი. მისი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებით და იმ ხელის შემწყობი ფაქტორებით, რომელიც ბიზნესის ზრდასა და მოსახლეობის თანამონაწილეობას უზრუნველყოფს დოვლათის შექმნაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ეკონომიკისთვის კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ თითოეული მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ისახებოდეს.

ჩემი თხოვნაა ოპოზიციამ თავი დაანებოს უსაგნო დავას, გავაანალიზოთ აღნიშნული საკითხები და რაც მთავარია ემოციები გადავდოთ გვერდით და ვაკეთოთ საქმე ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.