ერდოღანი – ევროპის ცენტრში დატრიალებული ტრაგედია გაფრთხილებაა ევროკავშირისთვის

0
11

„უკრაინის ომის ფონზე, დროა ევროკავშირმა დაწეროს თავისი განვითარების ახალი ისტორია. ბოლო წლებში ევროკავშირი შორდება დასახულ მიზნებს და მოექცა ცალკეული სახელმწიფოების მოკლევადიანი ინტერესების გავლენის ქვეშ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შულმანის დეკლარაციის საფუძვლად არსებულ იდეებზე, კერძოდ, ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში წინააღმდეგობებისა და განსხვავებების თავიდან აცილება, ურთიერთინტეგრაცია კონტინენტზე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

თურქეთის ლიდერის თქმით, დღეს ევროპის ცენტრში, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ტრაგედია ვითარდება, რაც ასევე გაფრთხილებაა ევროკავშირისთვის.

„თანამედროვე ევროპას, როგორც არასდროს, სჭირდება სოლიდარობა და თანამშრომლობა და რაც მთავარია, გაბედული და კონცეპტუალური პოზიცია. დღეს თურქეთი არის არა მხოლოდ კანდიდატი და ნატოს წევრი ქვეყანა, არამედ ძლიერი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კონტინენტზე გამოწვევების თავიდან აცილებაში“, – ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო Anadolu.

ერდოღანმა ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინის ომის უარყოფით შედეგებზე მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. მისი თქმით, არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

„დადგა დრო, რომ ფოკუსირება მოახდინოთ საერთო მიზნებსა და საერთო ინტერესებზე, საერთო ღირებულებების დაცვაზე. მნიშვნელოვანია თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში, რაც ორივე მხარის ინტერესებშია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ანკარა ინარჩუნებს კონსტრუქციულ პოზიციას და აგრძელებს მოთმინებით და მტკიცედ სვლას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის მიზნისკენ, რაც „მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლის მშენებლობის, პატივისცემისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

სანდრო პირველი