თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება

0
22

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება.

ამასთან, როგორც ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული.

„ჭავჭავაძის გამზირზე არის ძალიან ბევრი შუქნიშანი და ტროტუარი არის განიერი. მსგავსად არის დაგეგმილი და დაპროექტებული ყველა სხვა გამზირი, რომელიც თბილისში არსებობს. დეტალური პროექტირება რამდენიმე ქუჩის არსებობს. შუქნიშნები გამოიცვლება მთელ თბილისში და შუქნიშნების რაოდენობა გასამმაგდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ასევე, უსაფრთხო იყოს მგზავრების ჩასხდომა და ჩამოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების ქსელის, ე.წ. ბასლაინების განვითარება. ამის განვითარება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ის საავტობუსე პარკი, რომელიც მთლიანად გამოიცვალა თბილისში და დამატებით კიდევ შემოსასვლელია 200-მდე 18 -მეტრიანი ავტობუსი, ამ ტრანსპორტმა რომ იაროს შეუფერხებლად.

ძალიან ხშირ შემთხვევაში, „ბასლაინების“ მოწყობა იწვევს საპარკინგე ადგილების გაუქმებას, შედარებით ვიწრო გამზირებზე ეს გარდაუვალია, თუმცა ისეთ გამზირზე, როგორიცაა, მაგალითად ვაჟა-ფშაველა, სადაც რამდენიმე ხაზია, იქ შესაძლებელია საპარკინგე ხაზთან ერთად საავტობუსე ხაზიც ჩაეტიოს, მაგრამ თბილისში ყველა ქუჩა ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული. ამიტომ და არამხოლოდ, გახდა აუცილებელი, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოტანილიყო თბილისში“, – განაცხადა ბითაძემ.