ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო „კრისტალი“ 111 ათასი ლარით დააჯარიმა

0
20

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ სებ-მა 9 სხვადასხვა მიმართულებით, კანონისა და წესების დარღვევის ფაქტებზე ჯამში 110,500 ლარით დააჯარიმა.

შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის ვადის გადაცილებით და არასწორად წარდგენის 6  ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 12 000 ლარი.

დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობის 2 ფაქტი, რაც იმავე ჯარიმის წესის  შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 5,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 10,000 ლარი.

შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, შესამოწმებელ პერიოდში აქტიური, შიდა კონტროლთან დაკავშირებული წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით, კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით. სულ – 5 000 ლარი.

იმავე პერიოდში დაფიქსირდა კრისტალის მიერ „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესით“ გათვალისწინებული საეჭვო ანგარიშგების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის 2 ფაქტი, რაც ჯარიმის წესის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 10 000 ლარი.

კრისტალის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოთი“ ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა წესებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტებისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 11 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 33 000 ლარი.

კომპანიის მიერ ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 3  შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 1 500 ლარი.

დაფიქსირდა მის მიერვე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 20 000 ლარის ოდენობით. სულ – 20 000 ლარი.

კრისტალმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 13 შემთხვევა დააფიქსირა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 13 000 ლარი.

დამატებით, იმავე წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 6 შემთხვევა გამოვლინდა, რაც  ითვალისწინებს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 6 000 ლარი.

წყარო: GBC.GE