რუსეთმა თავისი ნახშირი აზიისკენ ვერ გადაამისამართა – რომელმა ქვეყანამ რამდენით შეამცირა/გაზარდა რუსული ნახშირის იმპორტი

0
31

რუსული ნახშირის ექსპორტი მარტში წლიურად 5 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 2,2 პროცენტით შემცირდა. მას შემდეგ, რაც ევროპამ დაიწყო უარის თქმა რუსეთიდან მიწოდებაზე, მომწოდებლებმა ვერ შეძლეს საქონლის სასწრაფოდ გადამისამართება აზიაში. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.

გაზაფხულის პირველ თვეში ევროპამ თითქმის გაანახევრა რუსული ნახშირის იმპორტი და 3 მილიონ ტონამდე შეამცირა. კერძოდ, დიდმა ბრიტანეთმა მიწოდება 50 პროცენტით შეამცირა, გერმანიამ – 70 პროცენტით, პოლონეთმა – 6,3 პროცენტით. მომავალში სიტუაცია გაუარესდება – აპრილში ევროკავშირმა შემოიღო ემბარგო მიწოდებაზე, გადაწყვეტილება ძალაში აგვისტოდან შევა.

აზიაში მიწოდება ასევე დაეცა 7,3 მილიონ ტონამდე. სტატისტიკის „გასწორება“ ინდოეთმა შეძლო, რომელმაც 2,2-ჯერ მეტი ნახშირი – 848,8 ათასი ტონა შეიძინა, ჩინეთმა კი პირიქით, მოხმარება 12 პროცენტით, 1,6 მილიონ ტონამდე შეამცირა.

ზრდა დაფიქსირდა თურქეთის მიმართულებით – პლუს 37 პროცენტი, 1,5 მლნ ტონა, ასევე სხვა დსთ-ს არაწევრი ქვეყნებში – ზრდა 4,4-ჯერ, 3,7 მლნ ტონამდე. მთლიანობაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ტონა ნახშირი.

საგარეო ბაზრებზე შექმნილმა ვითარებამ ქვეყანაში წარმოების შენელება გამოიწვია. Rosstat-ის მონაცემებით, მარტში ვარდნა იყო 2,9 პროცენტი (37,1 მილიონი ტონა ყველა კლასის ნახშირი). თუმცა, თერმული ნახშირის ექსპორტიორებისთვის წლიური შემოსავალი გაიზარდა და სამჯერ აღემატება გასულ მარტს.

აპრილის შუა რიცხვებში ენერგეტიკის სამინისტრომ ექსპორტის ვარდნა წლის დასაწყისიდან 9 პროცენტით შეაფასა, მარტისა და აპრილის ბოლოს კი მაჩვენებლებმა 20 პროცენტს გადააჭარბა. ასეთი მაჩვენებლები გამოაცხადა დეპარტამენტის ქვანახშირის მრეწველობის განყოფილების ხელმძღვანელმა, პეტრ ბობილევმა.

გიორგი არაბული