„სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკებთან აფილირებული კომპანიების მოგებაა“

0
16

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელი და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარე არჩილ მორჩილაძე „კომერსანტთან“ სადაზღვევო ინდუსტრიის მოგების განაწილების ბოლო სამი წლის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს სექტორის მოგებამ თითქმის 40 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ბანკთან აფილირებული კომპანიების მოგება 42 მლნ ლარი იყო.

„ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლება ყველასთვის ცნობილია და სამწუხაროდ ის დღესაც აქტუალურია.

ბოლო 3 წლის მონაცემი შევკრიბეთ და თუნდაც უკანასკნელი 5 წელი აგვეღო მსგავს შედეგს მოგვცემდა ანუ ბანკთან აფილირებული სადაზღვევოების მოგება მნიშვნელოვნად მაღალი და ზრდადია. რაც შეეხება 2020 წელს პანდემიის წელი იყო და სამედიცინო დაზღვევაზე „ლაივ მიმართვიანობა“ შედარებით ნაკლები იყო შესაძლოა ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ის წელი ცოტა გამონაკლისი აღმოჩნდა, თუმცა როგორც ხედავთ მთელი მოგება ფაქტობრივად ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოების იყო.

აქ საქმე მხოლოდ მოგებას არ ეხება, პროდუქტით სარგებელი უნდა მიიღოს მომხმარებელმა, მას უნდა აუმაღლდეს დაზღვევის მიმართ ნდობა, წარმოიდგინეთ კომპანიები რომლებიც არიან ასეთ მდგომარეობაში ან ზარალზე ან ნულოვან მოგებაზე ისინი შედარებით შეზღუდულ პროდუქტებს ქმნიან, ნაკლები დაფარვით , ბევრი გამონაკლისით, რაც შემდეგ მოქალაქეებზე მოქმედებს. მომხმარებელმა იყიდა დაზღვევა მაგრამ იქ იმდენი გამონაკლისია, რომ მან ვერ მიიღო სრულფასოვანი მომსახურება, ეს არ ნიშნავს რომ სადაზღვევომ რაღაც დაარღვია, მაგრამ თავად ის რომ ვერ ანვითარებს თავის პროდუქტს, უფრო მეტ რისკს ვერ იღებს თავის თავზე, ეს აისახება მომხმარებელზე.

სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკების მოგებას ემატება. ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არ არის. ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე მიმდინარეობს საუბარი და ეს ბაზარი შესაძლოა დამატებით 400 მლნ იყოს, მაგრამ იქაც ასეთი უკონკურენტო მდგომარეობა თუ გაგრძელდა საქმეს ნამდვილად არ წაადგება“, – ამბობს არჩილ მორჩილაძე.

18 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგებამ 2021 წელს 39 914 523 ლარი შეადგინა, აქედან 6 კომპანია ზარალზე იყო. რაც შეეხება ბანკთან აფილირებულ სადაზღვევოებს მათი წმინდა მოგება 42 039 866 ლარი იყო.

წყარო: commersant.ge