შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა

0
20

ქვეყნის ხელისუფლება აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა შეიმუშაოს ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის პროგრამა მისი „სრული აღდგენისთვის“ და გააკეთოს ეს „რაც შეიძლება მალე“.

შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ქვეყნის ყველა საგარეო ვალდებულებაზე გადახდების შეჩერება. ამის შესახებ უწყების მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

„მინისტრის პოლიტიკა იქნება ყველა [გარე] ვალის გადახდების გაყინვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა სათანადოდ მოხდეს ამ ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია სსფ-ის მხარდაჭერილი ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამის შესაბამისად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნულია, რომ დეფოლტი გამოცხადდა „საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებულ ყველა ობლიგაციებზე, ყველა ორმხრივ საკრედიტო ვალდებულებაზე, გარდა სვოპის შეთანხმებებისა შრი-ლანკის ცენტრალურ ბანკსა და სხვა ქვეყნებს შორის. ასევე, შეწყდა გადახდები კომერციულ ბანკებთან ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციებთან უცხოურ ვალუტაში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით.

ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ეს ზომები არის გადაუდებელი და ბოლო გზა ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად“.

„ვალების ყოვლისმომცველი რესტრუქტურიზაცია ახლა გარდაუვალია. შემდგომმა შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები შრი-ლანკის ეკონომიკისთვის და პოტენციურად გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს საგარეო ვალის ფასიანი ქაღალდების მფლობელებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ხელისუფლება აპირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშაოს ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის პროგრამა მისი „სრული აღდგენისთვის“ და „რაც შეიძლება მალე“. ეკონომიკაში ნეგატიური პროცესებისა და საგარეო ვალის მომსახურების შეუძლებლობის მიზეზად დეპარტამენტი მიუთითებს პანდემიის ზემოქმედებაზე და უკრაინაში შექმნილი ვითარების შედეგებზე.

შრი-ლანკა 1948 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ეს გამოწვეულია პანდემიის გამო უცხოური ტურიზმის შემცირებით, რამაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების დეფიციტი გამოიწვია. ამ პირობებში შრი-ლანკის ხელისუფლება იძულებული გახდა შეემცირებინა იმპორტი და დაეწესებინა რესურსებზე სიმკაცრე. შრი-ლანკას ძალიან სჭირდება ცემენტი, საავტომობილო ნაწილები, საწვავი, საკვები. ამ ვითარებამ გამოიწვია ინფლაციის ზრდა, რომელმაც მარტში 17%-ს მიაღწია. საგარეო სესხებს და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლას ხელს უშლის შრი-ლანკის საგარეო ვალი, რომელიც 35 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სანდრო პირველი