რომელ პორტალზე შეგიძლიათ თქვენთვის გამოწერილი ელექტრონული რეცეპტების გადამოწმება – განმარტება

0
21

პაციენტებს, რომლებსაც სურთ ექიმის დანიშნულების გადამოწმება და თვალის დევნება, სხვადასხვა დროს რა მედიკამენტები გამოუწერა ამა თუ იმ ექიმმა, შეუძლიათ შევიდნენ სპეციალურ პლატფორმაზე შემდეგ ბმულზე. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის ან ავტორიზაციის გავლის შემდეგ მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის გამოწერილი რეცეპტების შესახებ.

აღნიშნული პორტალი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მასზე იტვირთება იმ კლინიკების მედიკოსების გამოწერილი რეცეპტები, რომლებიც ელექტრონული რეცეპტების სისტემაში უკვე არიან ჩართულნი. მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან კი ელექტრონული რეცეპტების გაცემა ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო გახდა.

შესაბამისად, აღნიშნულ პორტალზე ინფორმაცია გაფართოვდება და უფრო მეტ პაციენტს შეეძლება საკუთარი დანიშნულების მოძიება. გამონაკლისია სოფლის ექიმები, რომლებმაც აღნიშნული სისტემით, შესაძლოა, ტექნიკური და ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ისარგებლონ, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინიც თანდათანობით ჩაერთვებიან ამ სისტემაში.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის ნანა შაშიაშვილის განმარტებით, ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება სრულყოფილი მონაცემები, რამდენი რეცეპტი გამოიწერა ქვეყანაში, ასევე რამდენი რეცეპტია გამოწერილი თითოეულ პაციენტზე.

მისი თქმით, მსგავსი მონაცემები მანამდე არ არსებობდა.

ნანა შაშიაშვილი განმარტავს, რომ, მაგალითად, როდესაც ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ექიმს ექნება წვდომა ამ კონკრეტული პაციენტის მიერ მოხმარებული მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის შესახებ.

გარდა ამისა, ახალი სისტემა მოაგვარებს  პოლიფარმაციის პრობლემასაც – მაგალითად, შესაძლოა პაციენტი რამდენიმე ექიმთან მკურნალობდეს და ერთმა არ იცოდეს, რა დაუნიშნა მეორემ. ასეთი საკითხები დღემდე გაურკვეველი იყო და ახლა ექიმს შეუძლია, დაინახოს, რა პრეპარატებს იღებს პაციენტი და ის წამლები, რომლებიც მან უნდა გამოწეროს, ხომ არაა შეუთავსებელი მანამდე გამოწერილ დანიშნულებასთან.

ნანა შაშიაშვილის განცხადებით, პოლიფარმაცია არის  5-ზე მეტი მედიკამენტის დანიშვნა, როცა იზრდება სხვადასხვა წამლის გვერდითი მოვლენების შეუთავსებლობა, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს და მის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

შაშიაშვილის განცხადებით, ელექტრონული რეცეპტის საშუალებით არა მხოლოდ ექიმები და ფარმაცევტები, არამედ თავად პაციენტი აკონტროლებს იმას, თუ რამდენი და რა სახის მედიკამენტი აქვს დანიშნული.

წყარო: jandacva.ge