„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ვაინ გარდსის“ ღვინო ექსპორტზე გავიდა

0
21

„საქართველოს ბანკი“ ღვინის სექტორის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, 1 მლნ. ლარის ინვესტიციით, „ვაინ გარდსმა“ ღვინის წარმოება გააფართოვა და საექსპორტო ბაზარზე წარმატებით შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე „ვაინ გარდსი“ რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 10-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომლის წლიური რეალიზაციაც, საშუალოდ 50 ტონას აჭარბებს.

„ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ხარისხიანი ღვინის წარმოებაა. რთველის პერიოდიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ჩვენი გუნდი იმ ყველა მნიშვნელოვან დეტალს იცავს, რაც უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას უზრუნველყოფს. კომპანიის დასახელება „Wine Guards“ – „ღვინის მცველები“ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, შევძელით, ეტაპობრივად გაგვეძლიერებინა კომპანია. შევიძინეთ ქვევრები, ფრანგული ღვინის კასრები, ვენახის მექანიზაციისთვის საჭირო ტექნიკა და დღეს უკვე 8 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახის მეშვეობით, ღვინის რეალიზაციას ვახორციელებთ, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე“, – განაცხადა „ვაინ გარდსის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, გიგი ჩიჩუამ.

„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, ზურაბ მასურაშვილის თქმით, ბანკი ბიზნესის მეტად განვითარების მიზნით, მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს.

“2017 წლიდან – ღვინის საწარმოს დაარსების დღიდან, ჩვენი და „ვაინ გარდსის“ პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მოხარული ვართ, რომ კომპანია დროსთან ერთად განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას აგრძელებს. „ვაინ გარდსი“ სამომავლოდ მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქციას შესთავაზებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესი მეტად განვითარდეს და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.