სტრატეგია ოგბუნუჯუ – გიორგი ვაშაძემ პენსიონერების ხმებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა

0
60

„ძალიან ხშირად ხდება ადამიანების მოტყუება, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ბანკების მხრიდან, რის გამოც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იჩაგრებიან“, – ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციტატა დღევანდელი ბრიფინგიდან, სადაც მან  „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრის“ შექმნა დააანონსა და მოუწოდა ხალხს – ნებისმიერ პენსიონერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დევნილს, ვისაც სამართლებრივი პრობლემა აქვს, მიმართოს და ცენტრის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე თითოეული მათგანის პრობლემას დეტალურად გაივლის.

არა, რა – პენსიონერთა ხმებზე ნადირობისას, გიორგი ვაშაძის ფანტაზიას არ აქვს სამძღვარი. კაცი ქმნის „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს“ და, ჰპირდება იურიდიულ დახმარებას და მათი ყველა პრობლემის დეტალურად გავლას. და რა? – გაივლის ეს სიმპათიური, ენთუზიაზმითა და ემპათიით აღსავსე გოგონა შეჭირვებული მოსახლეობის პრობლემებს დეტალურად და რა მერე? ან რა კვალიფიკაციის დახმარება და რა საგნობრივი ხელშეწყობა ექნება ამით ამ ხალხს, რომელთა ნაწილმა შესაძლოა სწორად ვერც კი განსაზღვროს მართლაც აქვს თუ არა სამართლებრივი პრობლემა გინდა ბანკთან და გინდა სხვა ნებისმიერ უწყებასთან ურთიერთობისას.

გასაგებია, რომ ვაშაძეს არ უნდა „ტემპი დააგდოს“, –  ჯერ იყო და საპენსიო გასაცემლების ტენდერის ახალი პირობების შემუშავება საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა და ხალხს მიულოცა, რომ ამიერიდან საპენსიო სესხზე საპროცენტო სარგებელი მაქსიმუმ მხოლოდ 25,5 % იქნება. ახლა კიდევ მათი პრობლემების იურიდიული ასპექტების ნიუანსების ჩაღრმავება დაავალა ძვირფას თეონას, რომელიც, ეჭვს ვერ შევიტან, ალბათ ძალიანაც კომპეტენტურია. შესაძლოა, ზეკომპეტენტურიც კი, მაგრამ ამ ინსტიტუციონალურ პრობლემებზე მარტო(კა)მ, ან მცირე ჯგუფთან ერთად როგორ უნდა იმუშაოს, არ ვიცი, არ  ვიცი…

მოკლედ, საქმე ის არის, რომ ბატონი გიორგი ისევ ცრუობს, და შეცდომაში შეჰყავს საზოგაოება, როცა აცხადებს, რომ საპენსიო სესხზე პროცენტი 25,5-26%-ს არ გასცდება. ის არსად არმბობს, რომ აქ საუბარია ნომინალურ განაკვეთზე და რა იქნება განაკვეთის ეფექტური ნიშნული, ანუ რეალურად რა დაუჯდება პენსიონერს შემდგომშიც სესხით სარგებლობა (დღეს ეს ნიშნული 30,65%-ს შეადგენს), არაფერს ამბობს, გაყუჩებულია.

ის კიდევ ცალკე საკითხია, პოლიტიკოსების ღია კარის მტვრევამ ბიუჯეტს 15 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯები რომ აჰკიდა…

სამწუხაროდ, აგერ ჩვენ და აგერ ვაშაძე, გაივლის რამდენიმე თვე და სულ ერთია ვინ გახდება პენსიების დამრიგებელი ბანკი, მაგრამ 26%-ად რომ ვერ გასცემს საპენსიო სესხს, ისევ ფაქტი იქნება.

მაგრამ აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს ბატონი გიორგისთვის, როცა ის მოკლევადიან პიარულ ამოცანებზეა ორიენტირებული და აი, ბატონებო, დღევანდელი დღეც არ ჩააგდო – „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრის“ შექმნაც დააანონსა. ხვალ კვირაა, სავარაუდოდ, დაისვენებს და ორშაბათიდან მორიგ მარგალიტებს შემოგვთავაზებს.

არადა, როგორ ვაკადრო, ან შევკადრო ამხელა სტაჟიან პოლიტიკოსს, მაგრამ ხო არ აჯობებდა დაფიქრება და ყველაფრის თავიდან (ნულიდან მეთქი, ენა არ მიბრუნდება), ანუ მისი პოლიტიკური ორგანიზაციის რებრენდინგიდან დაწყება და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ნაცვლად მისთვის „სტრატეგია ოგბუნუჯუს“ დარქმევა. ნუ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა მომდევნო საარჩევნო ციკლში ამ ცვლილებამ  0,2 %-ით (ეს ზუსტად ის სხვაობაა, რომლითაც ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, კერძოდ კი იბოს მეფემ, – არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ თბილისის მერობის არჩევნებში ვაშაძეს აჯობა) მეტი საარჩევნო ხმა მოიტანოს კიდეც…

ბატონ რიჩარდთან გულწრფელად ბოდიშს ვიხდით, არ გვინდა იფიქროს, რომ მის შედეგს ვაკნინებთ, – არა, ღმერთმანი, მართლაც საგულისხმო შედეგი დადო აწ უკვე ჩვენმა იმიგრანტმა თანამემამულემ. უბრალოდ თუ არ დაიზარებს და თუ ბატონი გიორგი არ იწყენს, გულწრფელობაში რომ დაატრენონგოს, მოვიგებთ ყველა – პირველ რიგში, თავად ბატონი გიორგი და მისი რაზმი, ასევე მედია, თავად ბატონი ოგბუნუჯუც (იქნებ გაასწროს ვასაძემ და მასტან შედარებაც არარელევანტური გახდეს) და რაღა თქმა უნდა, ასევე პირველ რიგში, გიორგი ვაშაძის საყვარელი ჩვენი შეჭირვებული, მაგრამ ელექტორალურად აქტიური საზოგადოება – ჩვენი ძვირფასი პენსიონერები.

სულ ესაა, თორემ, „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრის“ იდეა, თავისთავად, კონგენიალური მიგნებაა…

გიორგი ცაგარეიშვილი